Accessibility links

logo-print

სააკაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოში არ გამეორდება უკრაინის პრობლემები


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს არ შეექმნება პრობლემა, რომელიც უკრაინას შეექმნა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს დაპატიმრებით. სააკაშვილმა ამის შესახებ განაცხადა დღეს ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან, ჰერმან ვან რუმპესთან შეხვედრის შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტმა როგორც აღნიშნა, საქართველოსთვის ალტერნატივა არა აქვს ევროკავშირში ინტეგრაციას. მან დადებითად შეაფასა ის გარემოება, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე მოსალოდნელია პროგრესის მიღწევა ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების კუთხით. თუმცა, სააკაშვილის თქმით, არის პრობლემებიც, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნა. „როგორც ხედავთ, პრობლემაა უკრაინისათვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის პატიმრობაში ყოფნა. და როცა ვუახლოვდებით უკრაინის სიტუაციას, შესაძლოა, ჩვენც აღმოვჩნდეთ ამ პრობლემების წინაშე. მაგრამ იმედია, შევძლებთ ამის თავიდან აცილებას, კანონის უზენაესობის გაძლიერებით, უკეთესი ინსტიტუტებით“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელში, ჰერმან ვან რუმპესთან შეხვედრის შემდეგ. ჩვენი კორესპონდენტის შეკითხვას, რომელიც ეხებოდა საქართველოში თავად სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების მიღების შესაძლებლობას, სააკაშვილმა უპასუხა, რომ „ევროპის მხარემ ძალიან მკაფიო განცხადებები გააკეთა ამ საკითხზე ... არგუმენტები ნათლად ჩამოყალიბდა“ და, სააკაშვილის შეფასებით, „ეს გზავნილები კარგად გაიგეს საქართველოს ხელისუფლებაში“.
XS
SM
MD
LG