Accessibility links

logo-print

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებისას „გარკვეულ“ პროგრესს მიაღწიეს


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯავად ზარიფის განცხადებით, „გარკვეულ“ პროგრესს აღწევენ ირანი და ექვსი ქვეყანა, რომლებიც ჟენევაში აწარმოებენ მოლაპარაკებას ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ჯავად ზარიფიმ, რომელიც ბირთვული პროგრამის საკითხში ირანის მთავარი მომლაპარაკებელია, ეს განცხადება გააკეთა ჟენევაში, ხუთშაბათს დაწყებული შეხვედრის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ. ის „რთულ მოლაპარაკებაზე“ საუბრობს. ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებაში მონაწილეობენ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრისა და გერმანიის წარმომადგენლები. ისინი იმედოვნებენ, რომ დაიდება შეთანხმება „პირველ ნაბიჯზე“ თეირანის ბირთვული პროგრამით გამოწვეული შეშფოთების შესამსუბუქებლად. დასავლეთში შიშობენ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. თეირანი უარყოფს ამ ბრალდებას. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის პრესმდივანმა, მაიკლ მენმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ მოლაპარაკება „სერიოზულ ფაზაში“ შედის: „მოლაპარაკებები უაღრესად კომპლექსურია და ახლა სერიოზულ ფაზაში შედის. შევთანხმდით, რომ არ ვისაუბრებთ დეტალებზე და იმის შინაარსზე, რასაც დარბაზში განიხილავენ, რადგან გვსურს, ყურადღება შინაარსზე გამახვილეს. მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რასაკვირველია, რომ ამ დღეებში კონკრეტული პროგრესი იქნება მიღწეული“.
XS
SM
MD
LG