Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაფატი პოლონიუმით მოწამლეს?


არაფატი
არაფატი
პალესტინელების ყოფილი ლიდერის იასირ არაფატის ქვრივი, სუჰა არაფატი, აცხადებს, რომ ექსპერტების დასკვნით, არაფატის სიკვდილი გამოიწვია რადიოაქტიურ ნივთიერება პოლონიუმით მოწამვლამ.

პალესტინელების ყოფილი ლიდერი იასირ არაფატი, რომელიც მრავალი წელი ედგა სათავეში პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციას, 2004 წლის ნოემბერში საფრანგეთში გარდაიცვალა. ის 75 წლის იყო. სიკვდილის მიზეზად ინსულტი დასახელდა, თუმცა ფრანგმა ექიმებმა ვერ დაადგინეს, რამ გამოიწვია დაავადება. მაშინ ავტოფსია არ ჩატარებულა, ანუ არაფატის გვამი არ გაუკვეთიათ სიკვდილის მიზეზის დასადგენად.

რვა წლის შემდეგ, შარშან, საფრანგეთში დაიწყო გამოძიება არაფატის მკვლელობის ეჭვის საფუძველზე - მისი ქვრივის, სუჰა არაფატის მოთხოვნით. ეს მოთხოვნა მოჰყვა მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომ პოლონიუმის კვალი აღმოაჩინეს არაფატის ნივთებში, რომლებიც მას პარიზის სამხედრო ჰოსპიტალში ჰქონდა.

და აი, სუჰა არაფატმა ოთხშაბათს გააკეთა განცხადება პირველი დასკვნების შესახებ: მისი თქმით, შვეიცარიელი ექსპერტების მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ არაფატი პოლონიუმით იქნა მოწამლული.

„პასუხი დევს მუკატაში (პალესტინელთა მთავრობის შტაბბინაში), სადაც ჩემმა განსვენებულმა მეუღლემ ალყაშემორტყმულმა გაატარა თავისი ბოლო სამი წელი. და საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს, ბატონ ტირავის, დარწმუნებული ვარ, ახლა სურს გამოძიების გაგრძელება იმის დასადგენად, თუ ვინ ჩაიდინა ეს სამარცხვინო დანაშაული, არჩეული ლიდერის მკვლელობა - პოლიტიკური მკვლელობა“, ამბობს სუჰა არაფატი.

ექსპერტების ჯგუფმა შარშან მოახდინა არაფატის ნეშტის ექსჰუმაცია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ რამალაში, მისი მოწამვლის ბრალდების შესამოწმებლად.

სამშაბათს სუჰა არაფატს გადასცეს შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნა. როგორც ქვრივი აცხადებს, "მეცნიერულად დასაბუთებულია", რომ არაფატი მოკლეს: „ვესაუბრე დევიდ ბერკლის, ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტს, და მან მითხრა: „კი, რასაკვირველია, ეს ჩაუდეს ჩაიში, ან ყავაში, ან წყალში. ეს უნდა ჩაედო ვინმეს, ვინც მასთან ახლოს იყო“. ძნელია, ვინმეს ეჭვით შეხედო, მაგრამ, საუბედუროდ, ეს არის ვიღაც მისი გარემოცვიდან“.

სუჰა არაფატი არავის უყენებს მოწამვლის ბრალდებას. ის ამბობს, რომ პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის თავმჯდომარეს ბევრი მტერი ჰყავდა. თუმცა სუჰა არაფატი აღნიშნავს, რომ ისრაელი არაფატს უწოდებდა „დაბრკოლებას“ სამშვიდობო პროცესისათვის. ისრაელისაკენ მითითებაში, როგორც ცნობილია, ახალი არაფერია: პალესტინელ ოფიციალურ პირებს უკვე ბევრჯერ დაუდანაშაულებიათ ეს ქვეყანა არაფატის მოწამვლაში. ისრაელი ბრალდებას უარყოფს.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსთან“ საუბარში სუჰა არაფატმა განაცხადა, რომ თავის ქალიშვილ ზაჰვასთან ერთად გააგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას, სანამ არ მიაღწევს იასირ არაფატის მკვლელობაში დამნაშავეთა მართლმსაჯულებისათვის გადაცემას.
XS
SM
MD
LG