Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არილი“ დაბრუნდა


10 ნოემბერს, რვაწლიანი პაუზის შემდეგ, განახლებული ლიტერატურული ჟურნალის, „არილის“, ბოლო სამი ნომრის პრეზენტაციაა დაგეგმილი. 1990 წლებიდან მოყოლებული, „არილმა“ რამდენჯერმე იცვალა სახე - ის ხან გაზეთ „კავკასიონის“ დამატება იყო, ხან ცალკე გაზეთად გამოდიოდა, რამდენიმე წელი „არილი“ ლიტერატურის მოყვარულების განსაკუთრებული საკითხავი ჟურნალი იყო, რომლის დახურვის შემდეგ მან ელექტრონულ სივრცეში გადაინაცვლა. წელს კი, ამდენი სახეცვლილების შემდეგ, „არილი“ ისევ გამოდის და თავის ერთგულ და ახალ მკითხველს ელის.

რამდენიმე დღის წინ ჟურნალ „არილის“ პრეზენტაციაზე მიგვიწვიეს. რვაწლიანი პაუზის შემდეგ ლიტერატურული ჟურნალი „არილი“ ისევ გამოვიდა. უკვე მესამე ნომერია მზად. „ჟურნალის ძველი ავტორები და დებიუტანტები, ერთგული და ახალი მკითხველები, არილის მეგობრები, ნაცნობები, უცნობები. ყველა, ვინც ელოდა არილის განახლებას და ისინიც, ვინც ცოტა ხნის წინ პირველად გაიგო მის შესახებ! 10 ნოემბერს ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ჟურნალის სამი ნომრის გამოსვლა, უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი“ - ასეთი იყო მიპატიჟების ტექსტი - შეიძლება ითქვას, „არილური“. ვისაც 90-იანი წლების „არილის“ რედაქციაში ერთხელ მაინც შეუვლია, ადვილად მიხვდება, რასაც ვგულისხმობ. „არილი“ მართლაც იყო კარგი ადამიანების გაცნობის ადგილი!

განახლებულ “არილს”, რომლის მესამე ნომერიც უკვე იყიდება, მალხაზ ხარბედია რედაქტორობს. ჟურნალს დღესაც აქვს ნოვატორის ამბიცია. “არილისთვის” მნიშვნელოვანია ტექსტი, მისი ლიტერატურული ღირებულება და არა სახელები. სიახლე ყველაფერში - ახალი ავტორების აღმოჩენაშიც და ძველი ტექსტების ახლებურად გააზრებაშიც. რა შეცვალა რვაწლიანმა წყვეტამ „არილის“ ცხოვრებაში და რა გეზი აქვს დღეს აღებული ბევრისთვის საყვარელ ლიტერატურულ ჟურნალს?

ძალიან ჭირს, მაგალითად, ხარისხიანი პროზაული ნაწარმოების პოვნა და სამი თვის განმავლობაში, რაც განახლებული „არილი“ გამოდის, მხოლოდ ერთხელ დავბეჭდეთ თანამედროვე ქართველი პროზაიკოსი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა სახელი, არამედ ტექსტი...
მალხაზ ხარბედია
„90-იან წლებში, 2000-იანების დასაწყისშიც მთავარი პრობლემა ტექსტების ხელმისაწვდომობა იყო. არც ელექტრონულ სივრცეში და არც წიგნების სახით ეს ხელმისაწვდომობა მაშინ არ არსებობდა. შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ლიტერატურულ პერიოდულ გამოცემებს, სადაც იბეჭდებოდა ხოლმე ან თარგმანები, ან ორიგინალური ტქსტები - პროზა, პოეზია და ა.შ. დღეს იმდენი ახალი წიგნი გამოდის საქართველოში, მათ შორის, თარგმანებიც, რომ ავტორების წარდგენის ფუნქცია გარკვეულწილად დაკარგა ლიტერატურულმა პერიოდიკამ, რადგან ამ ავტორების ტექსტები წიგნებად გამოდის და ყველასათვის ხელმისაწვდომია“, - გვეუბნება მალხაზ ხარბედია. მისივე აზრით, თანამედროვე ლიტერატურული გამოცემების უმთავრესი მიზანი უკვე გამოსული წიგნების თუ ქვეყანაში განვითარებული ლიტერატურული პროცესების შეფასება უნდა იყოს.:

„რაღაცნაირად რომ დამკვიდრდეს ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში რეცენზიების, კრიტიკის კულტურა, თვითონ მწერლებმა ისწავლონ თავიანთი კოლეგების ნაწარმოებების შეფასება. ინტერვიუშიც კი მწერალს ძალიან უჭირს სხვაზე ლაპარაკი. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ან საერთოდ არ კითხულობს, ან არაფერი აქვს სათქმელი“.

„არილის“ მთავარ მიზნად კვლავაც რჩება ახალი ავტორების აღმოჩენა, თუმცა ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა, ამბობს მალხაზ ხარბედია:

მალხაზ ხარბედია
მალხაზ ხარბედია
„ძალიან ჭირს, მაგალითად, ხარისხიანი პროზაული ნაწარმოების პოვნა და სამი თვის განმავლობაში, რაც განახლებული „არილი“ გამოდის, მხოლოდ ერთხელ დავბეჭდეთ თანამედროვე ქართველი პროზაიკოსი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა სახელი, არამედ ტექსტი, რომელიც უნდა იყოს საინტერესო“.

გაზეთ „კავკასიონში“ „არილის“ რამდენიმეფურცლიანი ლიტერატურული ჩანართი 90-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა. იდეა თემურ მაღლაფერიძეს ეკუთვნოდა. სწორედ ის და ვახტანგ როდონაია იდგნენ მაშინდელი „არილის“ სათავეებთან. ცალკე გაზეთად ის 1996 წელს გამოვიდა და მას შადიმან შამანაძე რედაქტორობდა. ჟურნალის სარედაქციო ჯგუფს პოეტი ზვიად რატიანიც მაშინ შეუერთდა, რედაქცია პეტრიაშვილის ქუჩაზე ჰქონდათ, სკოლის შენობაში. შადიმან შამანაძე, მალხაზ ხარბედია, თამაზ ვასაძე, ანდრო ბუაჩიძე, ზაზა თვარაძე... კარგი ხალხი შეიკრიბაო, იხსენებს დღეს ზვიადი. „არილმა“იმ პერიოდში ყველა საინტერესო ავტორი მოიზიდა. ზვიად რატიანი იხსენებს, რომ მაშინ, 90-იან წლებში, ეს იყო ერთ-ერთი (თუ არა ერთადერთი) გახსნილი სივრცე ლიტერატორებისა და ლიტერატურის მოყვარულთათვის.
„მაგნიტივით იყო „არილი“ - ბევრი ავტორი და პროცესიც, რაღაც თვალსაზრისით, მიიკრა. თან მაშინ სხვა ჟურნალები თითქოს ინერციით არსებობდნენ - „ცისკარი“, „მნათობი“, „ლიტერატურული საქართველო“...
დღეს ზვიად რატიანი ფიქრობს, რომ ბეჭდური გამოცემების ფუნქცია, იმ ფონზე, როცა ლიტერატურულმა პროცესებმა ინტერნეტსივრცეში გადაინაცვლა, ცოტა გაურკვეველია, თუმცა თავად ბეჭდური ჟურნალები დღემდე ძველებურად უყვარს:

„ნაბეჭდი ჟურნალები მირჩევნია და მიყვარს როგორც ავტორსაც, რომ ვბეჭდო იქ ჩემი ლექსები - ფურცელზე და არა ელექტრონულ სივრცეში“.

ერთია, როცა ეკრანზე კითხულობ და განიხილავ რაღაცას, ერთ-ორ შენიშვნას დაწერ და მერე შენც გეზარება, რედაქტორს, და მასაც, ავტორს, ასე განხილვა და მეორეა, როცა შეხვდები, კამათობ. მე ასე მგონია - ფეისბუქური ურთიერთობები ლიტერატურაში საკმარისი არ არის...
შადიმან შამანაძე
ავტორების და რედაქტორების ურთიერთობა თანამოაზრეების ჯგუფს ქმნიდა, გვეუბნება მაშინდელი „არილის“ მთავარი რედაქტორი შადიმან შამანაძე. „არილი“ ქმნიდა ცოცხალ ლიტერატურულ პროცესს. ადამიანები ერთმანეთს ეცნობოდნენ, ეს ნაცნობობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა და ხშირად მეგობრობაშიც გადაიზრდებოდა ხოლმე. „არილი“ ბრენდი იყო და ასეც დარჩა. შადიმან შამანაძე ამბობს, რომ დღესაც საჭიროა ჟურნალს თავისი რედაქცია ჰქონდეს, თუნდაც ერთი ოთახი:

„ერთია, როცა ეკრანზე კითხულობ და განიხილავ რაღაცას, ერთ-ორ შენიშვნას დაწერ და მერე შენც გეზარება, რედაქტორს, და მასაც, ავტორს, ასე განხილვა და მეორეა, როცა შეხვდები, კამათობ. მე ასე მგონია - ფეისბუქური ურთიერთობები ლიტერატურაში საკმარისი არ არის“.

„არილი“ იყო მოდურიც, თუკი ჟურნალს შეიძლება ასე ვუწოდოთ, მაგრამ ის არასოდეს გამხდარა მეინსტრიმი. ის ყოველთვის ზრუნავდა ლიტერატურის ხარისხზე. ჟურნალის იმდროინდელი ნომრებიც, რომლებიც ლიტერატურის არაერთი მოყვარულის არქივშია დაცული, ამაზე მეტყველებს. ის არ კარგავდა აქტუალურობას. შადიმან შამანაძეც იხსენებს, რომ „არილი“ არასოდეს ცდილობდა სახელის მოპოვებას ეპატაჟური ტექსტების გამოქვეყნების ხარჯზე და არასოდეს უცდია ხმაურიანი აქციებით თვითდამკვიდრება:

„მთავარი კრიტერიუმი მაშინაც იყო ლიტერატურის ხარისხი და უხარისხოს მოგერიებაც რაღაცნაირად ავტომატურად ხდებოდა, იმიტომ რომ რედაქციის გარშემო შეიქმნა ავტორთა ჯგუფი, ჩვენიანები, დამკვიდრდა ქცევის ნორმები, რაღაც სირცხვილად მიიჩნეოდა, რაღაც აქტივობები არილელებისათვის უკადრებლად ითვლებოდა და ასე ჩამოყალიბდა „არილის“ ეთიკაც“.

ვაპირებთ ჟანრული ლიტერატურული კონკურსების ჩატარებას, რადგან აშკარად გამოჩნდა ბოლო წლების განმავლობაში, რომ ძალიან სასიკეთო გავლენას ახდენს ავტორების პროდუქტიულობაზე...
მალხაზ ხარბედია
შეძლებს თუ არა ისეთივე ცოცხალი ლიტარეტურული პროცესის გაჩაღებას „არილი“ - ეს დრომ უნდა აჩვენოს, ჟურნალი ერთი წელი ზედიზედ მაინც უნდა გამოდიოდეს, რომ მის როლზე ვილაპარაკოთ, გვეუბნება შადიმან შამანაძე, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ არსებობს არაერთი კარგი იდეა, რომლის განხორციელების სურვილიც არილელებს წლებია აქვთ. ეს იდეები ჯერ კიდევ 90-იან წლებში გაჩნდა. მაგალითად, „არილის“ ბიბლიოთეკა, ლიტერატურული სემინარების ჩატარება თუ სხვ.

ჟურნალი დღეს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გამოდის. როგორც მალხაზ ხარბედია ამბობს, მნიშვნელოვანია,რომ ჟურნალმა აღარ განიცადოს წყვეტა, რაც, ზოგადად, ლიტერატურული გამოცემების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. მომავალში „არილის“ სარედაქციო ჯგუფი საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც გეგმავს თანამშრომლობას და თემატური ნომრების მომზადებას. „არილი“ ლიტერატურულ კონკურსებსაც ჩაატარებს და, რაც მთავარია, თუ ყველაფერი კარგად იქნება, მომავალ წელს „არილი“ ლიტერატურულ სკოლასაც გახსნის:

„ვაპირებთ ჟანრული ლიტერატურული კონკურსების ჩატარებას, რადგან აშკარად გამოჩნდა ბოლო წლების განმავლობაში, რომ ძალიან სასიკეთო გავლენას ახდენს ავტორების პროდუქტიულობაზე, მომავალი წლის გაზაფხულზე კი, თუ ყველაფერი კარგად იქნა, „არილის“ ლიტერატურულ სკოლასაც დავაფუძნებთ, სადაც შესაძლებელი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცების სწავლა, რაც მწერლისთვის არის საჭირო“.
მანამდე კი, მათ ვისაც „არილი“ ძველებურად უყვარს და ახსოვს, და მათაც, ვინც ეს ჟურნალი ახლა გაიცნო, ჟურნალის მესამე, ცინცხალი ნომერი ელის.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG