Accessibility links

logo-print

რუსეთში ყოფილ დეპუტატს წაუყენეს ბრალდება სტაროვოიტოვას მკვლელობასთან დაკავშირებით


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილ დეპუტატს, პატიმრობაში მყოფ მიხაილ გლუშჩენკოს წაუყენეს 1998 წელს დეპუტატ გალინა სტაროვოიტოვას მკვლელობის ორგანიზებაში თანამონაწილეობის ბრალდება. როგორც გლუშჩენკოს ადვოკატმა უთხრა ჟურნალისტებს, გამომძიებლები პარასკევს მივიდნენ საავადმყოფოში, სადაც გლუშჩენკო იმყოფება. ადვოკატის თქმით, ბრალდებაში აღნიშნულია, რომ მის კლიენტს სტაროვოიტოვას მოკვლის განზრახვა ჰქონდა მისი საქმიანობის გამო. ადრე გლუშჩენკო ამ საქმეზე დაკითხულ იქნა მხოლოდ მოწმის სტატუსით. გალინა სტაროვოიტოვა - ცნობილი რეფორმისტი პოლიტიკოსი და უმცირესობათა უფლებების დამცველი აქტივისტი - სანქტ პეტერბურგში მოკლეს 1998 წლის ნოემბერში. 2005 წლის ივნისში სასამართლომ 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა პირს, რომელიც მკვლელობის ორგანიზატორად ცნეს. 23,5 წლიანი პატიმრობა შეეფარდა მკვლელობის შემსრულებელს. საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული სტაროვოიტოვას მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანილ კიდევ, სულ ცოტა, სამ პირზე. რაც შეეხება მიხაილ გლუშჩენკოს, მას წელს, მარტში მიუსაჯეს რვა წლით პატიმრობა ფულის გამოძალვისათვის.
XS
SM
MD
LG