Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ ჟენევაში ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებას ლავროვიც შეუერთდება


ჟენევაში ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ირანის ბირთვული პროგრამით გამოწვეული უთანხმოების მოსაგვარებლად. ირანთან ერთად მოლაპარაკებაში მონაწილეობენ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრის და გერმანიის მაღალი რანგის წარმომადგენლები. მიზანია ირანის ბირთვული პროგრამის საკითხზე წინასწარი შეთანხმების მიღწევა. ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის პრესმდივნის, მაიკლ მენის განცხადებით, მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. "როგორც წუხელ ვთქვით, წინსვლას ვაღწევთო", აღნიშნა ეშტონის პრესმდივანმა. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები მუშაობენ შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც ნაწილობრივ შეიზღუდებოდა ირანის ბირთვული პროგრამა, მის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. ჟენევაში პარასკევს ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი. იქ ის მოლაპარაკებებს შეუერთდება თავის ბრიტანელ, ფრანგ და გერმანელ კოლეგებთან ერთად. ჟენევაში ჩასვლისას კერიმ განაცხადა, ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის და მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაჭრელიო. პარასკევს საღამოს რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, რომ შაბათს ჟენევაში ჩასვლას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც გეგმავს. პარასკევს კერიმ იერუსალიმში შეხვედრა გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან - რომელიც ამბობს, რომ ისრაელი სრულად უარყოფს ირანთან ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობას.
XS
SM
MD
LG