Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გაზიფიცირების მიუხედავად, სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის უმეტესობა მაინც შეშით თბება


გაზიფიცირების მიუხედავად, ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ზამთარში გასათბობად მაინც შეშას იყენებს. ადგილობრივების უმეტესობა საშეშე მერქანს ყიდულობს, რადგან ტყიდან მისი გამოტანა ბევრად ძვირი უჯდება. ერთი ოჯახი მთელი სეზონის განმავლობაში 10–11 კუბურ მეტრს წვავს, რისთვისაც 700 ლარს ხარჯავს.

მთავარ მიზეზად, რის გამოც მოსახლეობა ხე-ტყის ტრანსპორტირებას თავად ვერ ახერხებს, ტყე-კაფების შორ მანძილზე მდებარეობა სახელდება. ადგილობრივების განმარტებით, მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ საშეშე მერქნისთვის განკუთვნილი ხე შერჩევით უნდა მოიჭრას და ის შეიძლება ტყის შუაგულში დაინომროს. ამიტომ, მოსახლეობის თქმით, შეშის შეძენა მათთვის ყველაზე კარგი გამოსავალია.

ერთი კუბური მეტრი წიწვოვანი საშეშე მერქნის გამოწერა 5 ლარი ღირს, ხოლო ფოთლოვანი - 6 ლარი, განმარტავენ ახალციხის სატყეო სამმართველოში. იმას, რომ დანომრილი ხე-ტყის გამოტანა მოსახლეობისთვის პრობლემაა, სამმართველოს თანამშრომლებიც ადასტურებენ. ახალციხის უბნის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ ადგილობრივების შეშით დაკმაყოფილება სრულად ვერ ხერხდება, რადგან ტყის რესურსი მცირეა. სტალბერ ყურმაშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფო აღნიშნულ საკითხს სერიოზულად უნდა მიუდგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალ წელს საშეშე მერქნით მომარაგებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, პრობლემები წარმოიშვას.

ადგილობრივი თვითმმართველობიდან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გათბობის უზრუნველსაყოფად 18000 ლარია გამოყოფილი. ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლინდა და საბავშვო ბაღების საწვავი შეშით მომარაგება ხვალიდან ეტაპობრივად დაიწყება...
ნანა გელაშვილი
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში გათბობის სეზონი უკვე დაწყებულია, თუმცა ადგილობრივ თვითმმართველობას ბაგა-ბაღების შეშით მომარაგება ჯერ არ დაუწყია. ახალციხის ნომერ პირველი საბავშვო ბაღის შენობას ჯერ კიდევ გასულ წელს შემორჩენილი საწვავით ათბობენ. ქეთევან საანიშვილის თქმით, შეშის რაოდენობა საკმარისია და გარკვეული დროის განმავლობაში ეყოფათ. მსგავსი სიტუაციაა ნომერ პირველ ბაგა-ბაღშიც. ოთახებში ღუმელები ერთი თვის წინ დაიდგა და საწყობში ერთი კვირის სამყოფი შეშა ჯერ კიდევ შემორჩენილია. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების სამსახურის უფროსი ნანა გელაშვილი იმედოვნებს, რომ ბაღებს საწვავით ახლო მომავალში არსებული მარაგის ამოწურვამდე მოამარაგებენ.

,,ადგილობრივი თვითმმართველობიდან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გათბობის უზრუნველსაყოფად 18000 ლარია გამოყოფილი. ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლინდა და საბავშვო ბაღების საწვავი შეშით მომარაგება ხვალიდან ეტაპობრივად დაიწყება. 250 კუბმეტრი შეშა ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისათვის საკმარისი იქნება“, – აცხადებს ნანა გელაშვილი.

მოსახლეობის საშეშე მერქნით მომარაგებასთან დაკავშირებით საკითხი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომაზე დაისვა. ადგილობრივი ხელისუფლება შეშით შეჭირვებული ოჯახების დახმარებას გეგმავს. რამდენ ოჯახს მოამარაგებს საშეშე მერქნით გამგეობა ან რა რაოდენობით, ამ ეტაპზე გარკვეული არ არის. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საკითხზე მუშაობა დაწყებულია და დეტალები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG