Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა შეაჩერა ახალი მშენებლობების გეგმა


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეაჩერა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაელთათვის ახალი სახლების მშენებლობის გეგმა, აშშ-ის და პალესტინელების კრიტიკის საპასუხოდ. ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის განცხადებით, ბინათმშენებლობაზე პასუხისმგებელმა ოფიციალურმა პირებმა ახალი გეგმა წარმოადგინეს ისრაელის მთავრობის სხვა უწყებებთან კოორდინირების გარეშე. განცხადებაში გეგმა გაკრიტიკებულია, როგორც „ქმედება, რომელიც ქმნის ზედმეტ კონფრონტაციას საერთაშორისო თანამეგობრობასთან“ მაშინ, როცა ისრაელი მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს მოუწოდებს, ირანთან მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც მკვეთრ შეზღუდვებს დაუწესებდა ირანის ბირთვულ პროგრამას. მანამდე ცოტა ხნით ადრე პალესტინელების პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესს შეწყვეტს, თუ ისრაელი შეუდგება მშენებლობის ახალი გეგმის განხორციელებას. ამავე გეგმის გამო „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა ისრაელის მთავარმა მოკავშირემ, შეერთებულმა შტატებმა.
XS
SM
MD
LG