Accessibility links

პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს მიმართავს ახალაიას საქმის გამო


საქართველოს მთავარი პროკურატურა ბაჩანა ახალაიას საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამრთლებელი განაჩენის გამო სააპელაციო სასამართლოს მიმართავს. პროკურატურის განცხადებით, 2013 წლის 28 ოქტომბერს საქალაქო სასამართლომ დაასრულა განხილვა ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე და ბრალდებულები ბაჩანა ახალაია, რევაზ ჭარბაძე, დავით ჭაკუა და მეგის ქარდავა დამნაშავეებად ცნო დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში და ამასთან, მათ მოუხსნა დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება. ამავე განაჩენით, სასამართლომ ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა გაამართლა მეორე დამოუკიდებელ ეპიზოდში, რომელიც ეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრის უკანონოდ გაყვანას, რაც ასევე იყო შეფასებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად - ნათქვამია პროკურატურის დღევანდელ განცხადებაში. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ამ ეპიზოდში ახალაიას და ქარდავას გამართლება უკანონო და დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქმეზე შეკრებილ, ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებს. სააპელაციო სასამართლოში საქმის გასაჩივრებისას პროკურატურა ახალაიასა და ქარდავას დამნაშავედ ცნობას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG