Accessibility links

logo-print

გაფიცულია “საქართველოს რკინიგზის” თანამშრომელთა ნაწილი


დღეს გაიფიცა “საქართველოს რკინიგზის” თანამშრომელთა ნაწილი. ისინი მოითხოვენ პრემიების აღდგენას, ზენორმატიული სამუშაო საათების ანაზღაურებას და ხელფასის დანიშვნას სტაჟის და დამსახურების მიხედვით. გაფიცულთა ამჟამინდელი საშუალო ხელფასი 600-დან 1000 ლარამდეა. ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია არსებობს გაფიცულთა რაოდენობის შესახებ. პროფკავშირების მონაცემებით, მუშაობა 2 ათასამდე რკინიგზელმა შეწყვიტა. ”საქართველოს რკინიგზის” პრესსამსახურის ცნობით კი, საერთო ჯამში 13 700 თანამშრომლიდან გაფიცულია დააახლოებით 200. მხარეებს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია აქვთ სარკინიგზო გადაზიდვის შესახებაც. გაფიცულები ირწმუნებიან, რომ მხოლოდ სამგზავრო მატარებლები მუშაობენ, ”საქართველოს რკინიგზის” ოფიციალური ინფორმაციით, კი არც სატვირთო გადაზიდვაა შეფერხებული. გაფიცვის ორგანიზატორია რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი. მისი ლიდერები აცხადებენ, რომ ”საქართველოს რკინიგზაში” მძიმე სიტუაცია ჯერ კიდევ წინა მმართველობისას შეიქმნა და მის შეცვლას პრობლემების მოგვარება არ მოჰყოლია. ამასთან, გაფიცული რკინიგზელები აცხადებენ, რომ არ არიან დაინტერესებულნი რკინიგზის დაზარალებით და ხელმძღვანელებს პროფკავშირებთან მოლაპარაკებისკენ მოუწოდებენ.
XS
SM
MD
LG