Accessibility links

logo-print

ეგვიპტეს არ სურს აშშ-ის რუსეთით ჩანაცვლება


ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნაბილ ფაჰმის განცხადებით, კაირო არ ეძებს ახალ პარტნიორს, რათა ის ჩაანაცვლოს შეერთებულ შტატებს. ამის შესახებ ფაჰმიმ განაცხადა კაიროში, რუსეთის მაღალი რანგის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ. მან მოსკოვთან არსებული ურთიერთობის „გააქტიურება“ უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრას. ეგვიპტელი მინისტრის თქმით, მის ქვეყანას სურს მოსკოვთან თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, რუსეთის „საერთაშორისო მნიშვნელობის“ გამო. ლავროვმა ამ შეხვედრას „ისტორიული“ უწოდა. მისი თქმით, რუსეთი დაინტერესებულია ეგვიპტის ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობით. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთის იარაღის ექსპორტიორ კომპანია „როსობორონის“ ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ კაიროში რუსეთის დელეგაციის ამ ვიზიტისას არ აპირებენ დიდ სამხედრო კონტრაქტებზე ხელმოწერას. აშშ-ეგვიპტის ურთიერთობაში დაძაბულობა გაჩნდა მას შემდეგ, რაც ივლისში სამხედროებმა დაამხეს პრეზიდენტ მუჰამად მურსის მმართველობა და ვაშინგტონმა შეამცირა ეგვიპტის სამხედრო დახმარება.
XS
SM
MD
LG