Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჰიუმან რაიტს უოჩი“ ევროკავშირს ღირებულებების დაცვას შეახსენებს


ვილნიუსში 28-29 ნოემბერს დანიშნული სამიტის წინ „ჰიუმან რაიტს უოჩი“ ევროკავშირს მიმართავს განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა მიიღოს მხედველობაში, სანამ ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირებას მოახდენდეს. ადამიანის უფლებათა რა დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაცია და იქონიებს თუ არა გავლენას ეს განცხადება ევროკავშირზე?

საქართველოში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები დადებითად შეაფასეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ნათქვამია ევროკავშირისადმი „ჰიუმან რაიტს უოჩის“ განცხადებაში, გაასწოროს ფოკუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებულ ადამიანის უფლებების საკითხებზე. თუმცა, ამასთან, ნათქვამია, რომ საქართველოში ნელი ტემპით მიმდინარეობს გამოძიება 2012 წელს ციხეში გამოვლენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან მიმართებით. არსებობს კითხვები წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მისამართით შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ასევე, სამართალდამცავებს ადეკვატური პასუხი არ გაუციათ რელიგიურ უმცირესობათა მიმართ გამოვლენილ ძალადობაზე. განცხადებაში მოყვანილია 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის ძალადობრივი დაშლის ფაქტი და ნათქვამია, რომ პოლიციამ ვერ უზრუნველყო აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება.

თვითონ ევროკავშირს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვაკუთხედი არის საერთო ღირებულებები და ეს ღირებულებები უნდა იყოს უმთავრესი ინტერესი ევროკავშირისთვის...
გიორგი გოგია
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, „ჰიუმან რაიტს უოჩის“ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგია განმარტავს, რომ მისი ორგანიზაციის განცხადების სულისკვეთება მდგომარეობს იმაში, რომ ევროკავშირი იყოს თავის მიერ აღიარებული ღირებულებების ერთგული და ვინაიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის მთავარი ქვაკუთხედი საერთო ღირებულებების დაცვაა, შესაბამისად, ევროკავშირმა არა გეოპოლიტიკურ საკითხებზე, არამედ საერთო ღირებულებების პატივისცემაზე უნდა დასვას აქცენტი.

„პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებისას მხოლოდ გეოპოლიტიკური ფაქტორები არ უნდა იყოს გადამწყვეტი, თვითონ ევროკავშირს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვაკუთხედი არის საერთო ღირებულებები და ეს ღირებულებები უნდა იყოს უმთავრესი ინტერესი ევროკავშირისთვის და სრულიად დომინირებული არ უნდა იყოს გეოპოლიტიკური ფაქტორები“.

„ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელის კახა გოგოლაშვილის აზრით, ასეთი ტიპის განცხადებები წარმოშვა იმ შეხედულებამ, თითქოს ევროკავშირმა თავისი ნორმატიული მიდგომები შეცვალა გეოპოლიტიკური მიდგომებით. კახა გოგოლაშვილი გულისხმობს ევროკავშირის მიერ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების პარალელურად რუსეთის გააქტიურებას და საბაჟო კავშირის შექმნის ინიციატივის დაყენებას. ამ სიტუაციაში, კახა გოგოლაშვილის სიტყვებით, გამოჩნდა ისე, თითქოს ევროკავშირის ქვეყნებმა დაიწყეს თვალის დახუჭვა რაღაც ფაქტებზე, ვინაიდან ძალიან მაღლა აწეულმა თამასამ, დემოკრატიულობის თვალსაზრისით, შეიძლება ეს ყოფილი საბჭოთა ქვეყნები რუსეთისთვის იოლად ხელში ჩასაგდებად აქციოს.

დარწმუნებული ვარ და ეს გადაწყვეტილი საკითხია, რომ პარაფირება მოხდება ვილნიუსში და ეს არ არის ერთი რაღაც ისტორიული მოვლენა, ეს არის დასაწყისი ძალიან დიდი მნიშვნელობის პროცესისა, რომელიც თავისთავად გულისხმობს სერიოზული ნაბიჯების გადადგმას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხითაც და ასევე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისითაც...
ალექსი პეტრიაშვილი
„თუ ევროკავშირი დაუჯერებს „ჰიუმან რაიტს უოჩს“ და არ მოახდენს შეთანხმების პარაფირებას იმის გამო, რომ საქართველოს არ აქვს შესაბამისი პირობები დაკმაყოფილებული და იქ არის ადამიანის უფლებების დარღვევები, იყო გამოძიებული საქმეები და ვიღაც უსამართლოდ აღმოჩნდა დაპატიმრებული და ა.შ., და თუ ამის გამო არ მოხდება პარაფირება, აქ რუსეთს ეძლევა მეტი შანსი, რომ ამ გეოპოლიტიკურ „ომში“ საქართველოს ჩათრევა დაიწყოს საბაჟო კავშირში“.

შესაბამისად, კახა გოგოლაშვილის სიტყვებით, არ შეიძლება აბსოლუტური მშვიდობის დროის შესაბამისი მიდგომების გამოყენება „ომის“ პირობებში. ამდენად, ექსპერტი მიიჩნევს,რომ „ჰიუმან რაიტს უოჩის“ განცხადებები ვილნიუსის სამიტზე მხედველობაში მიღებული არ იქნება. თუმცა, თავის მხრივ, „ჰიუმან რაიტს უოჩის“ მოვალეობაა სწორედ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ პრობლემებზე მიანიშნოს.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი კი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი, გარდა გეოპოლიტიკური მიზანშეწონილობისა, მხედველობაში სწორედ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით გაუმჯობესებულ მდგომარეობას იღებს მხედველობაში და ამ მხრივ ვილნიუსში ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირებას საქართველოსა და მოლდავეთთან წინ არაფერი დაუდგება:

„დარწმუნებული ვარ და ეს გადაწყვეტილი საკითხია, რომ პარაფირება მოხდება ვილნიუსში და ეს არ არის ერთი რაღაც ისტორიული მოვლენა, ეს არის დასაწყისი ძალიან დიდი მნიშვნელობის პროცესისა, რომელიც თავისთავად გულისხმობს სერიოზული ნაბიჯების გადადგმას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხითაც და ასევე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისითაც და, შესაბამისად, მე არ მგონია, რომ ეს კონკრეტული განცხადება იქონიებს გავლენას გადაწყვეტილების შეცვლაზე ევროკავშირის მხრიდან. ასევე მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედაც მდგომარეობის გაუმჯობესება, მიუხედავად ცალკეული შემთხვევებისა, იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ გადაწყვეტილების მიღებაში“.

და მაინც, როგორც „ჰიუმან რაიტს უოჩის“ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგია ამბობს, ორგანიზაციის განცხადება არ მიემართება მხოლოდ ევროკავშირს, რომ მან შეაფასოს მდგომარეობა, არამედ თავად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისადმი მიმართვაცაა, რომ მათ გამოასწორონ ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობა ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG