Accessibility links

logo-print

სააკაშვილი შეუძლებლად მიიჩნევს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებას


საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შეუძლებლად მიიჩნევს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებას. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც 15 ნოემბერს გამოქვეყნდა სოციალურ ქსელ "ფეისბუკით": როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს ამ ვრცელ განცხადებაში, მას ყოველთვის წარმოედგინა, რომ დაესწრებოდა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იქნებოდა ის. მაგრამ ძალაუფლების გადაცემის არსებულმა რეალობამ ამ ოცნების ასრულება შეუძლებელი გახადა. მიზეზებს შორის სააკაშვილი ასახელებს "ნაციონალური მოძრაობის", მისი თქმით, ათასობით აქტივისტის დაკითხვას, ბრალის წაყენებას ასზე მეტი ყოფილი თანამდებობის პირისა თუ პარტიის აქტიური ლიდერისთვის. „მე ვერ მოგატყუებთ, თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა და ინსტიტუციურად ყველაფერი გრძელდება მაშინ, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივანი, ჩემი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება,“ წერს სააკაშვილი. ამ განცხადებაში ის წარმატებას უსურვებს მთავრობას "ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში, რუსული ზეწოლის გაძლებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაგრძელებაში". საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია 17 ნოემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG