Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზანში იპოვეს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთები


ყაზანში იპოვეს კვირას ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ორი შავი ყუთი და მუშაობენ ავიაკატასტროფის მიზეზის დასადგენად. "ბოინგ 737" ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 50-ვე ადამიანი დაიღუპა. რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს ცნობით, სამინისტროს წარმომადგენლები ჩაფრინდნენ თათრეთში გამოძიებაში მონაწილეობის მისაღებად. ტრანსპორტის მინისტრმა, მაქსიმ სოკოლოვმა დღეს ყაზანში ისაუბრა ავარიის შესაძლო მიზეზებზე: „ეს არის პილოტის შეცდომაც, თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობაც, ეს არის უხარისხო საწვავიც, სახმელეთო მომსახურების მუშაობა და ამინდის პირობები“. ავიაკატასტროფა მოხდა კვირას საღამოს, როცა თათრეთის ავიაკომპანიის თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტიდან, მეორედ შეეცადა ყაზანის აეროპორტზე დაშვებას. ის 23 წლის წინ იყო აგებული. თათრეთის ვიცე-პრემიერმა იური კამალტინოვმა დაადასტურა, რომ დაღუპულებს შორის არის თათრეთის პრეზიდენტის ვაჟიშვილი, ირეკ მინიხანოვი. დაიღუპა ასევე უშიშროების ფედერალური სამსახურის თათრეთის განყოფილების უფროსი, ალექსანდრ ანტონოვი.
XS
SM
MD
LG