Accessibility links

ამერიკა და ავღანეთი შეთანხმდნენ თანამშრომლობის საკითხებზე


ორშაბათ საღამოს ცნობილი გახდა ამერიკულ-ავღანური შეთანხმების რამდენიმე საკითხი, რომელიც დაარეგულირებს ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობას უსაფრთხოების საკითხებში, მას შემდეგ, რაც 2014 წელს ავღანეთს დატოვებენ ამერიკული შენაერთები. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ რადიო თავისუფლების ვაშინგტონელი კორესპონდენტი ავრცელებს. ხოლო, როგორც ”ასოშიეტიდ პრესი”, ამერიკის კონგრესის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეერთებული შტატები ინარჩუნებს სრულ კონტროლს იმ ამერიკელ სამხედროებსა და კონტრაქტორებზე, რომლებიც ავღანეთში ძირითადი კონტიგენტის გამოყვანის შემდეგ დარჩებიან. მეტიც, შეთანხმების თანახმად, იმ ამერიკელებს, რომლებიც ავღანეთში დარჩებიან, არ დაეკისრებათ ავღანური გადასახადები. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუკი მათ წინააღმდეგ ბრალდებები გაჩნდება, მათ საქმეს ამერიკის სასამართლო განიხილავს. ამ პირობებზე საპასუხოდ, ამერიკული მხარე ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის პირობას თანხმდება, რომლის მიხედვითაც, ავღანეთში დარჩენილი ამერიკელი ჯარისკაცები არ ჩაატარებენ ღამის რეიდებს, და არ შეეძლებათ ავღანელების სახლებში შესვლა. ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რამდენი ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება 2014 წლიდან ავღანეთში, არ ვრცელდება. ამერიკული მხარე ვარაუდობს, რომ იქ 10 000-მდე სამხედრო დატოვოს, რათა მათ ავღანელ სამხედროებს უსაფრთხოების საკითხები და ალ ყაიდას მებრძოლების წინააღმდეგ მოქმედებები შეასწავლონ.
XS
SM
MD
LG