Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს


საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე მსჯელობს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე. სამთავრობო პროგრამა სახელწოდებით "ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის" დეპუტატებს წარუდგინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ღარიბაშვილის განცხადებით, არჩევნების გზით მშვიდობიანად შეცვალა ხელისუფლება, ქვეყანაში ძირეული ცვლილებები განახორციელა და დანაპირები შეასრულა - საქართველო რეჟიმისგან გაათავისუფლა და პოლიტიკა ღირსეულად დატოვა. პრემიერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ საზოგადოებრივი საქმიანობით ბიძინა ივანიშვილი საქართველოს არანაკლებ სამსახურს გაუწევს. რაც შეეხება სამთავრობო პროგრამას, ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ პროგრამა ახალია, თუმცა ეფუძნება კოალიცია ”ქართული ოცნების” მიერ დეკლარირებულ ღირებულებებსა და საარჩევნო პროგრამას და მოიცავს მმართველი კოალიციის 4-წლიანი საარჩევნო ვადის ამოცანებსა და მიზნებს. ”ჩვენი მთავრობის პოლიტიკა მოსახლეობის ინტერესებს დაეფუძნება,” განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა. საპარლამენტო დებატებში აქტიურად მონაწილეობს უმცირესობა, თუმცა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებს. მიზეზად ნაციონალური მოძრაობა იმას ასახელებს, რომ მინისტრთა კაბინეტმა, რომლის შემადგენლობა არ იცვლება, ვერ შეასრულა ბიუჯეტი და ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა.
XS
SM
MD
LG