Accessibility links

logo-print

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში მუშაობა დაასრულა


საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში მუშაობა დაასრულა. დღეს მისიის წარმომადგენლებს შეხვდა ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ხადური. მისი ინფორმაციით, შეთანხმება მოხდა ბევრ საკითხზე, მათ შორის, მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის და ინფლაციის პროგნოზსა და ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლებზე. ”საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ პრაქტიკულად, გაიზიარა საქართველოს მთავრობის ხედვა, რაც კიდევ უფრო დიდ იმედს გვაძლევს, რომ მომავალ წელს საქართველო მიაღწევს ყველა დაგეგმილ მაკროეკონომიკურ პარამეტრს, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ეფუძნება,“ განაცხადა ხადურმა. თავის მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფიტსმა აღნიშნა, რომ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ, შეადგენს 2,5%-3%, თუმცა ბოლო რამდენიმე თვეში ეკონომიკა გამოცოცხლდა, რაც ძალიან კარგი ნიშანია და იძლევა იმედს, რომ მომავალი წლისთვის ეს მაჩვენებელი 5%-მდე იქნება. ”ამის მისაღწევად საჭიროა პოლიტიკური სტაბილურობა, გაუმჯობესებული ბიზნესგარემო, გონივრულ ფარგლებში ფისკალური სტიმულირება და უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა,” განაცხადა გრიფიტსმა. მისი თქმით, მთავრობამ უნდა იმუშაოს დასაქმებაზე, რათა ხელი შეეწყოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის შეფასებით, ამ მიზნების მისაღწევად საქართველოს ახალ მთავრობას კარგი შანსი აქვს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებულ საბოლოო პარამეტრებს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს.
XS
SM
MD
LG