Accessibility links

ჟენევაში განახლდა მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე


ჟენევაში დაიწყო ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების მორიგი რაუნდი. მისი მონაწილეების - ირანისა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის (გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრისა და გერმანიის) - წარმომადგენლების მიზანია, ბოლო მოუღონ ირანის ბირთვული პროგრამით გამოწვეულ უთანხმოებას. ორდღიან მოლაპარაკებაზე შეეცდებიან, მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ირანის მიერ ბირთვული პროგრამის შეზღუდვას მის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. შეხვედრის დაწყებამდე, ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა, კეტრინ ეშტონმა პირისპირ შეხვედრა გამართა ირანის დელეგაციის ხელმძღვანელთან, მუჰამად ჯავად ზარიფთან. ირანის მედიასთან საუბარში, ზარიფმა შეხვედრას „კარგი“ უწოდა, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრია. დასავლეთი შიშობს, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. ხოლო ირანი აცხადებს, რომ მისი პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. მოლაპარაკების ამ რაუნდს წინ უსწრებდა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გაფრთხილება, რომ თეირანი ერთი ნაბიჯითაც არ დაიხევს ბირთვული პროგრამით სარგებლობის უფლებიდან.
XS
SM
MD
LG