Accessibility links

logo-print

ICOMOS-ი შეშფოთებას გამოთქვამს "კულტურული მემკვიდრეობის კანონში" ცვლილების თაობაზე


ძეგლების და ღირსშესანიშნაობების საერთაშორისო ცენტრის (ICOMOS) საქართველოს წარმომადგენლობა შეშფოთებას გამოთქვამს "კულტურული მემკვიდრეობის კანონში" ცვლილებთან დაკავშირებით. ამის თაობაზე ”ICOMOS - საქართველო” განცხადებას ავრცელებს და საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს მოუწოდებს არ დაუჭიროს მხარი წარმოდგენილ რედაქციას. ამასთან უზრუნველყოს კანონპროექტის ფართო განხილვა და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა საკანონმდებლო ცვლილების პროექტთან დაკავშირებით. კანონპროექტი მიზნად ისახავს "კულტურული მემკვიდრეობის კანონის" მე-17 მუხლის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც "განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობისას" ძეგლისთვის სტატუსის მოხსნა შესაძლებელი გახდება სამინისტროსთან შეთანხმებით და საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე. „აქამდე არსებული რეგულირებით ძეგლის სტატუსის მოხსნა დაიშვებოდა მხოლოდ ძეგლის მიერ მისი ღირებულებები დაკარგვის შემთხვევაში. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილება წინააღმდეგობაში მოდის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო პრინციპებთან, საქართველოს კონსტიტუციასთან (მუხლი 34.2) და საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მომავალს. შემოთავაზებული მექანიზმი უზრუნველყოფს მთავრობის მხრიდან გამარტივებული წესით ძეგლის სტატუსის მოხსნას, ყოველგვარი დაცვის გარეშე ტოვებს კულტურულ მემკვიდრეობას და მთავრობის აგრესიული ჩარევის საფრთხეს ქმნის“, - ნათქვამია ICOMOS-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG