Accessibility links

ბარაკ ობამამ პატივი მიაგო ჯონ კენედის ხსოვნას


ოთხშაბათს ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პატივი მიაგო 50 წლის წინ დაღუპული ამერიკის პრეზიდენტის, ჯონ კენედის ხსოვნას. ბარაკ ობამამ არლინგტონის სასაფლაოზე გვირგვინით შეამკო მისი საფლავი. კენედის ხსოვნას ბარაკ ობამასთან და მის მეუღლესთან ერთად, პატივი მიაგეს ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა და მისმა მეუღლემ ჰილარი კლინტონმა. ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს დაღუპული პრეზიდენტის ნათესავებმაც. ამ ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე ბარაკ ობამამ ამერიკის უმაღლესი ჯილდო - „თავისუფლების“ მედლები გადასცა ამერიკის 16 გამორჩეულ მოქალაქეს. დაჯილდოებულთა შორის არიან ტელეწამყვანი ოპრა უინფრი; პირველი ამერიკელი ქალი ასტრონავტი სელი რაიდი, რომელსაც მედალი სიკვდილის შემდეგ გადაეცა. „თავისუფლების“ მედალი გადაეცა 92 წლის ბენჯამინ ბრედლის, რომელიც უოტერგეიტის სკანდალის დროს „ვაშინგტონ პოსტის“ მთავარი რედაქტორი იყო. სწორედ ამ გაზეთში გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ დატოვა პოსტი პრეზედენტმა რიჩარდ ნიქსონმა. პრეზიდენტის მედალი - „თავისუფლებისათვის“ ჯონ კენედიმ დააარსა.
XS
SM
MD
LG