Accessibility links

logo-print

უკრაინის პარლამენტი არ მიემხრო უცხოეთში ტიმოშენკოს სამკურნალოდ გაშვების შესახებ კანონებს


უკრაინის პარლამენტმა არ დაუჭირა მხარი კანონს, რომელიც ნებას დართავდა საპატიმროში მყოფ ყოფილ პრემიერს, იულია ტიმოშენკოს უცხოეთში გამგზავრებულიყო სამკურნალოდ. ეს ეჭვის ქვეშ აყენებს ევროპის კავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას. ევროკავშირმა ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის პირობად კიევს სამართლებრივი და დემოკრატიული რეფორმების გატარება წაუყენა. მათ შორის იყო სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის გასამართლებული ტიმოშენკოს განთავისუფლება. ბრიუსელი ტიმოშენკოს საქმეს „შერჩევით მართლმსაჯულებად“ აფასებს. „ვერჰოვნა რადა“ ხუთშაბათს არ მიემხრო ექვს კანონპროექტს, რომელთა მიღება იყო საჭირო ტიმოშენკოს მსგავს შემთხვევებში ბრალდებულების უცხოეთში სამკურნალოდ გასაშვებად. კანონპროექტებს მხარი არ დაუჭირეს მმართველი, რეგიონების პარტიის წარმომადგენლებმა. ოპოზიცია ბრალად სდებს პრეზიდენტ იანუკოვიჩს, რომ ის განზრახ შეეცადა კანონმდებლობის შეჩერებას. ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომელიც ვიზიტადაა ვენაში, განაცხადა, რომ თავისი ქვეყანა განაგრძობს ევროინტეგრაციის კურსს. იანუკოვიჩის თქმით, ტიმოშენკოს საკითხი მხოლოდ უკრაინის კანონის თანახმად გადაწყდება.
ევროპის პარლამენეტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, გერმანელმა დეპუტატმა, ელმარ ბროკმა ჩვენს რადიოს უთხრა, რომ უკრაინა აღარ არის მზად და, მას აღარ სურს ხელი მოაწეროს შეთანხმებას რუსეთის ზეწოლის გამო: „იმედი ბოლოს კვდება. მაგრამ ჩემი ამჟამინდელი შეფასება ასეთია: საბუთი არ მომეპოვება, მაგრამ ჩემი შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს არ სურს, ხელი მოაწეროს შეთანხმებას რუსეთის ზეწოლისა და მისთვის მიცემული პირობის გამო“. გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინის მთავრობამ განკარგულება გასცა შეჩერდეს სამუშაო, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის მოსამზადებლად მიმდინარობდა, რათა მთლიანად გაანალიზონ რუსეთთან სამრეწველო პროდუქციის და ვაჭრობის სფეროში ურთიერთობაზე ზეგავლენა. გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, შტეფან ფიულეს წარმომადგენელმა, პეტერ სტანომ თქვა, რომ კომისარი დღეს საღამოს კიევში გაფრინდა.
XS
SM
MD
LG