Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა


საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გამოაქვეყნა ღია წერილი სახელწოდებით "პოსტსკრიპტუმი," რომელშიც აღნიშნავს, რომ კულუარებიდან ქვეყნის მართვას არ აპირებს, რის შესახებაც შეკითხვა ქართული, ევროპული და ამერიკული საზოგადოების ერთ ნაწილს გაუჩნდა. ”ბევრი აბსურდული ბრალდება ისმოდა ჩემს მიმართ მაშინაც, როცა პოლიტიკაში შემოვედი. რას არ მაბრალებდნენ - კრემლის აგენტობით დაწყებული, საარჩევნოდ მაცივრების დარიგებით დამთავრებული. აღარაფერს ვამბობ ისეთ სიცრუეზე, რომ თითქოს პოლიტიკაში საკუთარი ქონების გადასარჩენად მოვედი ან დიდი ჰესების ხელში ჩაგდება მინდოდა”, - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის წერილში. ყოფილი პრემიერი აბსურდს უწოდებს იმასაც, რომ საქართველოს მართვას და ხელისუფლებაზე ზეგავლენას კულუარებიდან აპირებს. ”მთელი ჩემი ცხოვრებით დავამტკიცე, რომ უკადრისი არასდროს არაფერი ჩამიდენია”, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. ყოფილი პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ მისი ხშირად გაკრიტიკების მიუხედავად, ვერავინ იტყვის, რომ ორმაგი სტანდარტით ცხოვრობს და მუშაობს და ვერავინ გაიხსენებს რაიმე კულუარულ თამაშში მისი მონაწილეობის ერთ ეპიზოდსაც კი. ბიძინა ივანიშვილის განცხადებითვე, კულუარებიდან მართვას არასდროს აკადრებს ქვეყანას და მის გუნდს, რომელსაც დიდ პატივს სცემს. ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, რომ ამიერიდან იქნება საზოგადოების აქტიური წევრი, მისი საქმიანობა იქნება სრულიად გამჭვირვალე და ექნება გარკვეული გავლენაც, რადგან სხვაგვარად სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრობა შეუძლებელია. ბიძინა ივანიშვილი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ხელისუფლებაზე საზოგადოების ზეგავლენას, რაც მისი განცხადებით, პირველ ყოვლისა, დემოკრატიის მანიშნებელია და საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას გულისხმობს. ”სხვა ინტერესი, გარდა ჩემი ქვეყნის წინსვლის და ევროპული განვითარებისა, არასდროს მქონია, საქართველოში ბიზნესი არ მაქვს, ამას არც მომავალში ვაპირებ, და როგორ შეიძლება მამოძრავებდეს რაიმე სხვა მოტივი, გარდა ჩემი ქვეყნის სამსახურისა”, - ნათქვამია ყოფილი პრემიერ-მინისტრის წერილში. ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ პოლიტიკიდან წასული ლიდერები გავლენას ახდენენ ქვეყნის ცხოვრებასა და პოლიტიკაზე, რაც მიღებული ტრადიციაა დემოკრატიულ სახელმწიფოებში და ამის ბევრი მაგალითი არსებობს. ამავე წერილში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ყველაზე დიდ აბსურდს უწოდებს მისაზრებას, რომ პოლიტიკიდან წასვლით პასუხისმგებლობას გაურბის. ”უნდა დავიჯეროთ, რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ჭარბი სიმდიდრე და ჭარბი ძალაუფლება, მაგრამ გული და გონება მაინც სხვაგან მიუწევდეს, რადგან მისთვის კიდევ უფრო მაღალი ღირებულება არსებობს და ეს არის თავისუფალი სამშობლოს თავისუფალი მოქალაქეობა. ამ ოცნების ასრულებისთვის გახდა აუცილებელი ჩემი პოლიტიკაში დროებით მოსვლაც და ამასვე ემსახურება ჩემი პოლიტიკიდან წასვლაც", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის წერილში.
XS
SM
MD
LG