Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი უკრაინასთან აღარ მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას


ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელი, პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე კვასნიევსკი აცხადებს, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე უკრაინასთან არანაირ ხელშეკრულებას აღარ მოეწერება ხელი. იგივე განაცხადა ლინას ლინკევიჩიუსმა, რომელიც ევროკავშირის ახლანდელი თავმჯდომარე ქვეყნის ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრია. „თუკი უკრაინის პოზიცია გარკვეულია, მაშინ სხვა რაღა ვარიანტი უნდა არსებობდეს? ეს ნიშნავს, რომ არავითარი ხელმოწერა არ იქნება, ხოლო თუკი ხელმოწერა არ მოხდება ახლა, არავინ იცის, თუ როდის მოხდება ის,“ - განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა. დღეს უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ, სადაც მანდატების უმრავლესობას პროსახელისუფლებო „რეგიონების პარტია“ ფლობს, არ დაუჭირა მხარი არც ერთ საკანომდებლო ცვლილებას, რაც საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის უფლებას მისცემდა საპატიმროში მყოფ უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს, რომელსაც ხერხემალზე გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროება. მოგვიანებით კი უკრაინის მთავრობამ განაცხადა, რომ წყვეტს ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერის სამზადისს, რაც 29 ნოემბერს ვილნიუსში იგეგმებოდა. უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ აღაშფოთა საპარლამენტო ოპოზიცია. მსოფლიოში სახელგანთქმულმა უკრაინელმა მოკრივემ, ვიტალი კლიჩკომ, რომელიც საპარლამენტო ფრაქცია „უდარის“ ლიდერია, მოსახლეობას მოუწოდა 24 ნოემბერს შეიკრიბონ საპროტესტო აქციაზე და ხელისუფლებას ხალხის ნამდვილი ნება დაანახონ.
XS
SM
MD
LG