Accessibility links

logo-print

ვაზიანის ბაზაზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი


საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის ახალი უფროსი ვაზიანში, მე-4 მექანიზირებულ ბრიგადაში იმყოფებოდნენ. გიორგი მარგველაშვილმა და ირაკლი ალასანიამ ოფიცრებსა და ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადეს საქართველოს სამსახურისთვის და ქვეყნის უსაფრთხოებასა და საერთაშორისო ოპერაციებში შეტანილი წვლილისთვის. სამხედრო მოსამსახურეებისადმი მიმართვისას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ნებისმიერი პრობლემის მშვიდობიანად მოგვარება საქართველოს უცვლელი კურსია, თუმცა ქვეყანა ვალდებულია მუდმივად იზრუნოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე. მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მეგობარ სახელმწიფოებს და თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემების განვითარებაში მათ მხარდაჭერას ფასდაუდებელი უწოდა. ვაზიანის ბაზაზე გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ დაღუპული სამხედროების სახელის პატივისცემა და მათი ოჯახების მოვლა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა. ირაკლი ალასანიას თქმით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ იქნება შეიარაღებული ძალების დეპოლიტიზაციის მთავარი გარანტი. ვაზიანის ბაზაზე სტუმრობისას საქართველოს პრეზიდენტმა საბრძოლო დამსახურებისთვის სახელმწიფო მედლებით დააჯილდოვა მე-4 ბრიგადის 42-ე ბატალიონის მეთაური, მაიორი ირაკლი კალანდაძე და ამავე ბატალიონის კიდევ 15 სამხედრო მოსამსახურე.
XS
SM
MD
LG