Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა სამხედროებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მყოფმა რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს სოფელ ხურვალეთის ორი მკვიდრი მალხაზ ვანიშვილი და გოჩა მაყიშვილი. მათი გათავისუფლების მიზნით ქართველმა სამართალდამცავებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით ”ცხელი ხაზი” აამოქმედეს. მოქალაქეთა დაკავების გარდა, რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან გარკვეული პაუზის შემდეგ, 24 ნოემბრიდან განაახლეს საზღვრის გავლების პროცესი. ამჯერად ე.წ. დემარკაციის ადგილი ქარელის რაიონის სოფელ ღოღეთია. გარდა ამისა, ოსურმა მხარემ თბილისის მიერ კონტროლირებულ, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან დაიწყო ადგილობრივ მცხოვრებთა კუთვნილი მიწის ნაკვეთის დამუშავება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ვითარების შესასწავლად იმყოფებოდნენ სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მინისტრის ინფორმაციით, რუსული და ოსური მხარეების ქმედებებს თბილისის დელეგაცია 9 დეკემბერს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე დასვამს.
XS
SM
MD
LG