Accessibility links

logo-print

პუტინი ევროკავშირს მოუწოდებს, არ გაკეთდეს მკვეთრი განცხადებები უკრაინის საკითხზე


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოდის მოწოდებით, არ მოხდეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე უკრაინის უარის პოლიტიზება. პუტინი ევროკავშირის წარმომადგენლებს მოუწოდებს, ნუ გააკეთებენ „მკვეთრ განცხადებებს“ უკრაინის ამ გადაწყვეტილებაზე საუბრისას. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა სამშაბათს იტალიაში ვიზიტისას განაცხადა, საჭიროა უკრაინის, ევროკავშირისა და რუსეთის წარმომადგენლები შეიკრიბონ და იმსჯელონ მომდევნო ნაბიჯებზე მას შემდეგ, რაც კიევმა უარი თქვა ვილნიუსის სამიტის დროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. „მე ვთხოვდი ჩვენს მეგობრებს ბრიუსელში - ჩემს კარგ პირად მეგობრებს ევროკომისიაში - თავი შეიკავონ მკვეთრი განცხადებებისაგან. რა, იმისათვის, რომ მათ მოვეწონოთ, ჩვენი ეკონომიკის მთელი დარგები გავაუქმოთ? ჩვენ არ გვინდა უმუშევრობის უეცარი ზრდა და რუსეთის ეკონომიკის მთელი დარგების დახურვა“, - განაცხადა პუტინმა სამშაბათს. ამავე დღეს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა აღიარა, რომ რუსეთმა კიევს მოუწოდა ევროკავშირთან შეთანხმებაზე ხელმოწერის გადადებისაკენ. ამასობაში, კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში გრძელდება დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეებიც აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე უარის თქმის შესახებ.
XS
SM
MD
LG