Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვილნიუსში დასრულდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების დე ფაქტო პარაფირება


ვილნიუსში დასრულდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ტექნიკური პარაფირება. დოკუმენტის პარაფირებაში მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის „აღმოსავლეთ პარტნიორობის"და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელი გუნარ ვიგანდი და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილე ფილიპ კუისონი. ზალკალიანმა ჩვენს რადიოსთან საუბარში განმარტა, რომ მოხდა 1000-გვერდიანი დოკუმენტის დე ფაქტო პარაფირება, რასაც პარასკევს მოჰყვება პარაფირების პროცესის დასრულება საზეიმო ცერემონიაზე. დოკუმენტს საბოლოო ხელმოწერას დაუსვამენ ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი კეთრინ ეშტონი და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. "ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაციის ძალიან საპასუხისმგებლო ეტაპზე გადავდივართ. ეს არის ჩვენი ხალხის ურყევი არჩევანი, რასაც ყველა ხელისუფლება პატივს უნდა სცემდეს", - განაცხადა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბარში. დოკუმენტზე სამწლიანი მოლაპარაკებები 2013 წლის ივლისში დასრულდა. შეთანხმება ითვალისწინებს პოლიტიკურ ასოცირებასა და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას. მიხეილ ჯანელიძის თქმით, "ეს არის უმნიშვნელოვანესი მომენტი ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი ბიზნესისთვის, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას, ექსპორტს, წარმოების განვითარებას, მოდერნიზებას, ჩვენი ინსტიტუტების დაახლოებას ევროკავშირის ინსტიტუტებთან და ჩვენი ევროინტეგრაციის და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს შეუქცევადს გახდის.”
XS
SM
MD
LG