Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში გრძელდება საპროტესტო აქციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით


კიევში კვლავ ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. უკმაყოფილების მიზეზია პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის უარი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. დემონსტრანტების ნაწილმა გადაკეტა მთავრობის უწყებებისაკენ მიმავალი გზები, ნაწილს კი კვლავ დაკავებული აქვს მერიისა და პროფკავშირის შენობები. ათასობით ადამიანი შეიკრიბა დამოუკიდებლობის მოედანზე, სადაც დემონსტრანტებმა ბარიკადებიც აღმართეს. კიევში ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, ოპოზიციურ პარტია ბატკივშჩინის ერთ-ერთმა ლიდერმა არსენი იაცენიუკმა დაასახელა ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა: „პოლიტიკური კრიზისის მოგვარების პოლიტიკური გზა ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე გადის. ეს არის მთავარი მოთხოვნა არა მარტო უკრაინის ოპოზიციის, არამედ მთელი უკრაინელი ხალხისა. და ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელი გზაა გადაწყვეტილების მიღება ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე“, განაცხადა იაცენიუკმა. კვირას კიევში 200-მდე ადამიანი დაშავდა დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებისას - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც პოლიციამ ძალა გამოიყენა აქციის დასაშლელად. ევროკავშირი ორივე მხარეს მოუწოდებს თავშეკავებისაკენ.
XS
SM
MD
LG