Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისში საკონკურსო კომისიას არ ენდობიან


ქუთაისი
ქუთაისი
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მუდმივმოქმედ საკონკურსო -საატესტაციო კომისიას უნდობლობას უცხადებს, კომისიის დაშლას და ახალი წევრებით დაკომპლექტებას მოითხოვს მერიაში გამოცხადებული კონკურსის მონაწილეთა ერთი ნაწილი. როგორც დედათა და ბავშვთა დაცვის ცენტრის -„არგუსის“ - ხელმძღვანელი მანანა მანაგაძე აცხადებს, ის კონკურსში მონაწილეობას იღებდა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. კონკურსის პირველი ეტაპი საბუთების გადარჩევას გულისხმობდა და მისი მეორე ეტაპზე გადაყვანა იმ მიზეზით არ მოხდა, რომ წარდგენილი ჰქონდა სი-ვი - ნაბეჭდი მოკლე ავტობიოგრაფიული ცნობები - და არ ჰქონდა ხელნაწერი ავტობიოგრაფია. მანანა მანაგაძე კომისიის წევრებს სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს და ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელს მოუწოდებს კომისიის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭიროს.

7 წევრით დაკომპლექტებული საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებების ბათილად გამოცხადებას მოითხოვს კონკურსის ერთ-ერთი ყოფილი მონაწილე, ფიქრია ბერიძეც.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი, რომელიც საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ხელმძღვანელიცაა, კონკურსის მონაწილეთა ბრალდებებს არ იზიარებს. მარგველაშვილის განმარტებით, ამჟამად კონკურსის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, 1200-მდე განაცხადის მიხედვით უკვე შეირჩა 160 კანდიდატი და 48 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კომისია მათთან გასაუბრებას ახდენს. საკონკურსო კომისიის ხელმძღვანელის განცხადებით, კონკურსის ყოფილი მონაწილეების ბრალდებები ზოგადი ხასიათისაა და მათ საპრეტენზიო კომისიისთვის არ მიუმართავთ.

კომისიის წევრებსა და მათ მიერ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებას გეგმავს მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ, კანონით, მერიის სამსახურების ხელმძღვანელთა დანიშვნა მისი კომპეტენცია არ არის, იგი შეხვდება კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებს და გაესაუბრება იმის გამოსარკვევად, თუ რამდენად კვალიფიციურები არიან წარდგენილი სფეროების მიხედვით.
თავის მხრივ, კონკურსის მონაწილეთა ნაწილი, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციების გამართვას გეგმავს. მერიაში სამსახურების რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის შედეგად, მიმდინარე წლის აგვისტოში კონკურსი გამოცხადდა სამსახურის ხელმძღვანელისა და მოადგილის 50-მდე ვაკანტურ თანამდებობაზე. კონკურსის მეორე ეტაპი, რომელიც შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებას გულისხმობს, რამდენჯერმე შეჩერდა და გადაიდო.
XS
SM
MD
LG