Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გამართულ კონფერენციაზე ადამიანის უფლებების დაცვაზე ისაუბრეს


ადამიანის უფლებათა დაცვისადმი საქართველოს ხელისუფლების მიდგომებზე იყო საუბარი თბილისში დღეს გამართულ კონფერენციაზე, რომელსაც მთავრობის მრჩეველი თომას ჰამარბერგი დაესწრო. მისი განცხადებით, საჭიროა წარსული შეცდომების სისტემურად გამოსწორება და მათი თავიდან აცილება. ჰამარბერგის თქმით, უმთავრესია, რომ საქართველოს მთავრობას ჰქონდეს თვითკრიტიკის უნარი განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. კონფერენციაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას მძიმე მემკვიდრეობა დახვდა, რადგან წინამორბედმა მიზნად დაისახა ქვეყნის მოდერნიზაცია, რომელმაც შეიწირა ბევრი რამ, ყველაზე მეტად კი ადამიანის უფლებები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიზანია ევროპული სახელმწიფოს აშენება, რაც პირველ ყოვლისა გულისხმობს დემოკრატიის მაღალი ხარისხის დამკვიდრებას და ადამიანის უფლებების სათანადოდ დაცვას. „ჩვენ ევროპისკენ მივისწრაფვით არა მარტო იმის გამო, რომ თავისუფალი ვაჭრობა ან უვიზო რეჟიმი გვიზიდავს, არამედ პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ ევროპისთვის უმთავრესი ღირებულება ადამიანია“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საქართველომ უნდა განაგრძოს და გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის რთული პროცესი და ჩაატაროს რეფორმები, რომლებმაც შეუქცევადი უნდა გახადოს სასამართლოს და მედიის დამოუკიდებლობა და არჩევნების სამართლიანად ჩატარება. პრემიერ-მინისტრის თქმით, სწორედ ამ მიზნების მისაღწევად იქმნება ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
XS
SM
MD
LG