Accessibility links

logo-print

იულია ტიმოშენკომ შიმშილობა შეწყვიტა


უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პატიმრობაში მყოფმა იულია ტიმოშენკომ შიმშილობა შეწყვიტა. ტიმოშენკოს ქალიშვილმა, ევგენიამ ხარკოვში უთხრა ჟურნალისტებს, რომ დედამისმა პარასკევს ისევ დაიწყო საკვების მიღება, მხარდამჭერების თხოვნით. იულია ტიმოშენკომ 25 ნოემბერს გამოაცხადა შიმშილობა, რათა გაეპროტესტებინა კიევის უარი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. ასევე პარასკევს ხარკოვში სასამართლომ კიდევ ერთხელ, ამჯერად 27 დეკემბრამდე გადადო იულია ტიმოშენკოს პროცესი, რომელიც გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდების გარშემო იმართება. გადადების მიზეზი გახდა პროცესში მონაწილეობაზე ტიმოშენკოს უარი. პარალელურად, სასამართლოს შენობაში უცნობმა თავდამსხმელმა იერიში მიიტანა ტიმოშენკოს ადვოკატზე, სერგეი ვლასენკოზე - მას სახეში შეასხა ანტისეპტიკური ხსნარი, „ბრილიანტის მწვანე“. ვლასენკოს სერიოზული ტრავმა არ მიუღია. ის ინციდენტის გამოძიებას მოითხოვს. პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მეტოქეს, იულია ტიმოშენკოს, უკვე მისჯილი აქვს შვიდი წლით პატიმრობა ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის გამო.
XS
SM
MD
LG