Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნელსონ მანდელას 15 დეკემბერს დაკრძალავენ


ნელსონ მანდელას 15 დეკემბერს დაკრძალავენ მისი საგვარეულოს სოფელში. ამის შესახებ პარასკევს გამოაცხადა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ჯეიკობ ზუმამ. ქვეყანაში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული. სამხრეთ აფრიკაში, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, პატივს მიაგებენ გარდაცვლილის ხსოვნას. მანდელა - სამხრეთ აფრიკის აპარტეიდთან მებრძოლი სიმბოლო - ხუთშაბათს, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი-მუნმა, მანდელას „სამართლისთვის მებრძოლი გოლიათი“ უწოდა. აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას თქმით, მსოფლიომ დაკარგა ერთ-ერთი „ყველაზე გავლენიანი, გაბედული და ღრმად კეთილშობილი ადამიანი“.
მანდელამ 27 წელი გაატარა პატიმრობაში, აპარტეიდის დროს და 1994 წელს ქვეყნის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი გახდა. მანდელას გარდაცვალებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტიც. გიორგი მარგველაშვილმა სამძიმრის წერილით მიმართა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ ჯეიკობ ზუმას. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ: „აფრიკამ დაკარგა თავისი უდიდესი შვილი. გვანუგეშებს ის, რომ ნელსონ მანდელას ცხოვრების მაგალითით კაცობრიობამ ფასდაუდებელი გამოცდილება შეიძინა. მან კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ერთი ადამიანის თავგანწირულ ძალისხმევას შეუძლია თავისუფლება მოუტანოს და ღირსება აღუდგინოს მილიონებს.“
XS
SM
MD
LG