Accessibility links

logo-print

დააკავეს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე


საქართველოში დააკავეს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, დავით ჩხატარაშვილი. პროკურატურის ცნობით, მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება; მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზება. როგორც საგანგებო ბრიფინგზე ითქვა, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2012 წლის სექტემბერში საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა და მთავარი პროკურორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ დავით ჩხატარაშვილმა შეიტყვეს, რომ სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში გადაღებული იყო პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი ვიდეომასალა. იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და მთავარი პროკურორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ დავით ჩხატარაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვადასხვა მაღალჩინოსნებთან ერთად დაგეგმეს და განახორციელეს ამავე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წინასწარ შერჩეული რამდენიმე პატიმრის დამცირება, წამება, ცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც მიზნად ისახავდა საზოგადოებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას, თითქოს სახელმწიფოს შესაბამისმა საგამოძიებო სტრუქტურებმა დროულად გამოავლინეს პატიმართა ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტები. საქმე ეხება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, 18 სექტემბერს, ციხის სკანდალური კადრების გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე შსს-ის მიერ გავრცელებულ კადრებს, რომლებშიც ციხის ორი თანამშრომელი პატიმარს სცემს საკანში. შსს-მ მაშინ განაცხადა, რომ ამ ქმედების პროვოცირება „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პატიმრის შეკვეთით განხორციელდა. აღნიშნულ საქმეზე იუსტიციის მაშინდელ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს პროკურატურამ ბრალი ჯერ კიდევ გასული წლის 28 დეკემბერს წაუყენა. პროკურატურის ცნობით, გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-გამოვლენის მიზნით.
XS
SM
MD
LG