Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი იანუკოვიჩს მოუწოდებს, არ გამოიყენოს ძალა დემონსტრანტების წინააღმდეგ


უკრაინაში ევროკავშირის ელჩმა, იან ტომბინსკიმ გააფრთხილა უკრაინის ლიდერები, არ გამოიყენონ ძალა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. დღეს ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟოზე მანუელ ბაროზუც შეეხო დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენების საფრთხეს. მან მილანში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ კვირას ტელეფონით ესაუბრა იანუკოვიჩს და მას თავშეკავებისაკენ მოუწოდა. მილანში კონფერენციაზე გამოსვლისას, ბაროზუმ გამოთქვა რწმენა, რომ ევროკავშირი ვალდებულია, მხარში ამოუდგეს უკრაინელებს: „როცა კიევის ცივ ქუჩებში ვხედავთ კაცებსა და ქალებს ევროპის დროშით, როგორ იბრძვიან ევროპის ამ დროშისათვის - ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი იბრძვიან უკრაინისათვის და თავიანთი მომავლისათვის. რადგან მათ იციან: ევროპა არის არა მარტო ის ადგილი, რომელიც შესაძლებლობებს იძლევა ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, არამედ ხედავენ, რა მოხდა პოლონეთში და რა მოხდა ბალტიის ქვეყნებში და იმიტომაც, რომ ევროპა მათ ჰპირდება იმედსა და თავისუფლებას“. ვრცელდება აგრეთვე ინფორმაცია, რომ კიევში სამშაბათს ჩავა ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი, კეტრინ ეშტონი.
XS
SM
MD
LG