Accessibility links

logo-print

ერგნეთის მორიგმა შეხვედრამ „კონსტრუქციულ ატმოსფეროში" ჩაიარა


ერგნეთში გაიმართა მორიგი, რიგით მე-40 შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. საქართველოში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის განცხადებით, შეხვედრამ „კონსტრუქციულ ატმოსფეროში" ჩაიარა. ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიისა და ეუთოს ორგანიზებით ჩატარებულ შეხვედრას დაესწრო ეუთოს მომავალი მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის,შვეიცარიის წარმომადგენელიც - ელჩი ანჯელო გნედინგერი. შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა ეუთომაც. ის აღნიშნავს, რომ იმსჯელეს სოფლებში ღოღეთსა და ბერშეუთში ღობეების აღმართვით გამოწვეულ პრობლემებზე, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე. შეხვედრის ორგანიზატორებმა ყველა მხარეს მოუწოდეს, სუსხიანი ზამთრის პირობებში, კონსტრუქციულობა გამოიჩინონ და ერთმანეთს დროულად შეატყობინონ დაგეგმილი ზომების შესახებ, მიაგნონ აგრეთვე პრაქტიკულ გზებს ადგილობრივი მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად. ერგნეთში მომდევნო შეხვედრა მომავალი წლის 21 იანვარს გაიმართება.
XS
SM
MD
LG