Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეშტონი: იანუკოვიჩს სურს ევროკავშირთან შეთანხმებაზე ხელმოწერა


ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, კეთრინ ეშტონის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა მას უთხრა, რომ აპირებს, ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. გასულ თვეში სწორედ ამ შეთანხმების ხელმოწერაზე უარს მოჰყვა საპროტესტო აქციები, რომლებიც ახლაც გრძელდება უკრაინაში. ეშტონი ბოლო დღეებში კიევში შეხვდა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს, დღეს კი ბრიუსელში გამოთქვა შეფასება, რომ უკრაინის ეკონომიკური პრობლემების შემსუბუქება შესაძლებელია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერით: „იცით, იანუკოვიჩმა გარკვევით მითხრა, რომ აპირებს ასოცირების შეთანხმებაზე ხელის მოწერას. მან ისაუბრა მოკლევადიან ეკონომიკური საკითხებზე, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას. და ჩემი შეხედულებაა, რომ ამ გამოწვევებზე, რომლებიც რეალურია, შეიძლება ვიმუშაოთ მხარდაჭერით, რომელიც მოდის არა მარტო ევროკავშირის ინსტიტუტებიდან, არამედ იმის ჩვენებით, რომ პრეზიდენტს აქვს სერიოზული ეკონომიკური გეგმა. და ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა ხელს შეუწყობს სწორედ იმ ინვესტიციების მოზიდვას, რომლებიც მას სჭირდება“, განაცხადა ეშტონმა. ამასობაში, უკრაინაში ოპოზიციის ლიდერებმა უარყვეს იანუკოვიჩის მიერ შეთავაზებული მოლაპარაკება. ისინი მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. ასობით დემონსტრანტი რჩება კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე, ოკუპირებული რჩება ქალაქის მერიაც მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს სპეცრაზმელებმა მოედნის და შენობების გაწმენდა სცადეს, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ უკან დაიხიეს.
XS
SM
MD
LG