Accessibility links

logo-print

ფანჯიკიძე: საქართველო განუხრელად მისდევს ევროინტეგრაციის კურსს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ევროკავშირთან ურთიერთობისას, საქართველოს მთავარი გზავნილია ის, რომ ქვეყანა განუხრელად მისდევს ევროინტეგრაციის კურსს. ამის შესახებ ფანჯიკიძემ განაცხადა ბრიუსელში, სადაც ხუთშაბათს გაიმართა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მე-14 სხდომა. სხდომას, როტაციის პრინციპით, წელს თავმჯდომარეობდა ქართული მხარე, კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრი. სხდომის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ოქმს, რაც მაია ფანჯიკიძემ დადებითად შეაფასა, როგორც მორიგი ნაბიჯი ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიმართ ევროკავშირის „ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის“ მნიშვნელობაზეც - განსაკუთრებით მომდევნო წლის განმავლობაში, როცა უნდა ჩატარდეს სამუშაოები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების სექტემბრამდე ხელმოსაწერად. საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მე-14 სხდომაზე ევროკავშირის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი. სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრისას, მან "მიუღებელი" უწოდა ქვეყნების მიერ საგარეო-პოლიტიკური კურსის განსაზღვრისას ნებისმიერი უცხო ქვეყნის ზეწოლას. ლინკიევიჩუსის განცხადებით, ევროკავშირს ეს პოზიცია არაერთხელ გამოუხატავს და კიდევ აპირებს მის გამოთქმას, რისთვისაც მორიგი შანსი მიეცემა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოახლოებული არაოფიციალური შეხვედრისას. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ პრეს-კონფერენციის შემდეგ კიევში გაემგზავრა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის დავალებით. ვიზიტის მიზანია, პირველ რიგში, ხელი შეუწყოს უკრაინაში პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებას.
XS
SM
MD
LG