Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭაბუა ამირეჯიბს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ


გავრცელებული ცნობებით, მიღებულია გადაწყვეტილება ჭაბუა ამირეჯიბის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვის შესახებ. მწერალი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა რომანით „დათა თუთაშხია“, წუხელ გარდაიცვალა 92 წლის ასაკში. ჭაბუა ამირეჯიბი დაიბადა 1921 წლის 18 ნოემბერს. 1944 წელს, სტუდენტურ პოლიტიკურ გაერთიანება „თეთრ გიორგიში“ მოღვაწეობისთვის დააპატიმრეს და 25 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სამჯერ გაიქცა პატიმრობიდან. 1959 წელს გაათავისუფლეს. 1960 წლიდან ეწეოდა სამწერლო მოღვაწეობას. ჭაბუა ამირეჯიბი ავტორია რომანებისა „გორა მბორგალი“, „გიორგი ბრწყინვალე“, მოთხრობათა კრებულებისა „გზა“, „ძია შოთას ბადია“ , არაკების კრებულისა „თაფლის წვეთი“, მის კალამს ეკუთვნის სცენარები, კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, სტატიები კინემატოგრაფიის საკითხებზე. მისი შემოქმედების მწვერვალია "დათა თუთაშხია", რომელიც მრავალ ენაზე ითარგმნა. გავრცელებული ინფორმაციით, ჭაბუა ამირეჯიბს 17 დეკემბერს დაკრძალავენ. მანამდე ერთი დღით ადრე სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში.
XS
SM
MD
LG