Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ოპოზიციის ლიდერები ხვდებიან პრეზიდენტ იანუკოვიჩს


უკრაინაში ოპოზიციის ლიდერები მოლაპარაკებას აწარმოებენ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან - პირველ მოლაპარაკებას მას შემდეგ, რაც გასულ თვეში საპროტესტო აქციები დაიწყო იანუკოვიჩის გადაწყვეტილების გამო, ხელი არ მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. ოპოზიციურ პარტია "ბატკივშჩინის" ლიდერი არსენი იაცენიუკი, ნაციონალიესტების ლიდერი ოლეგ ტიაჰნიბოკი და პარტია "უდარის" ხელმძღვანელი, კრივში მსოფლიოს ჩემპიონი ვიტალი კლილჩკო მრგვალ მაგიდასთან ხვდებიან იანუკოვიჩს და უკრაინის სამ ყოფილ პრეზიდენტს. იანუკოვიჩი ამნისტიას დაჰპირდა საპროტესტო აქციების დროს დაპატიმრებულებს და განაცხადა, რომ განიხილავს ასოცირების შეთანხმებაზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების მოხსნის საკითხს. მაგრამ იაცენიუკი კვლავ მოითხოვს მთავრობის გადადგომას და დემონსტრანტების ცემაზე პასუხისმგებელი პოლიციეელების დასჯას. ამასობაში, გრძელდება საპროტესტო აქციები. ეროინტეგრაციის მომხრე დემონსტრანტები პოზიციებს აძლიერებენ კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე. ვრცელდება ასევე ინფორმაცია ახლოს მდებარე კონსტიტუციის მოედანზე იანუკოვიჩის მხარდამჭერთა აქციის შესახებ. უკრაინის ვიცე-პრემიერი სერგეი არბუზოვი ხუთშაბათს ბრიუსელში შეხვდა ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლებს, რის შემდეგაც განაცხადა, რომ მთავრობა „მალე“ მოაწერს ხელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. მას ხელმოწერის თარიღი არ დაუკონკრეტებია. ოპოზიციამ „ბლეფი“ უწოდა ამ დაპირებას.
XS
SM
MD
LG