Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში იმართება პრეზიდენტის მხარდამჭერი მრავალათასიანი აქცია


კიევის ცენტრში უკრაინის პრეზიდენტის ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა ევროინტეგრაციის მომხრეთა აქციების კონტრდემონსტაციაზე. ჩვენი რადიოს უკრაინული სამსახურის ცნობით, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის და მთავრობის მხარდამჭერი მიტინგი იმართება ევროპის მოედანზე, რომელიც ახლოს მდებარეობს დამოუკიდებლობის მოედანთან - ოპოზიციის აქციების ეპიცენტრთან. იქ დემონსტრანტებს ბარიკადები აქვთ აღმართული. კიევის პოლიცია აცხადებს, რომ არ მისცემს ორ აქციაზე შეკრებილ ხალხს ერთმანეთთან მისვლის საშუალებას. უკრაინაში საპროტესტო აქციები გასულ თვეში მოჰყვა პრეზიდენტ იანუკოვიჩის უარს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. დღეს ხელისუფლების მხარდამჭერ დემონსტრანტებს მიმართა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა: „მე ვფლობ ინფორმაციას: მხოლოდ კიევში ხდება ეს მოვლენები. ხოლო მთელი დანარჩენი ქვეყანა, უდიდესი უმრავლესობა, მშვიდად ცხოვრობს. და კიევსაც უნდა მივცეთ სიმშვიდე. მე ახლა ამ მიტინგზე მოვდიოდი და გულისტკივილით ვუყურებდი იმას, რაც კიევში ხდება. მოდით, მოვიკრიფოთ ვაჟკაცობა! და მივმართავ პოლიტიკოსებს: მოდით, ჩვენს ხალხს ვუთხრათ - დაუბრუნდით ოჯახებს, აკეთეთ თქვენი საქმე“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა. ამასობაში კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე გრძელდება ევროინტეგრაციის მომხრეების აქცია. იანუკოვიჩმა პარასკევს მოლაპარაკება გამართა ოპოზიციის ლიდერებთან, მაგრამ მასზე რაიმე გარღვევისათვის არ მიუღწევიათ. პრეზიდენტმა უარყო ოპოზიციის მოთხოვნა მთავრობის დათხოვნის და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ.
XS
SM
MD
LG