Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანში გაფორმდა ხელშეკრულება ევროპისთვის გაზის მიწოდებაზე


კონსორციუმმა, რომელიც აზერბაიჯანში შაჰ დენიზ-2-ის სახელით ცნობილ ბუნებრივი აირის პროექტს განავითარებს, ხელი მოაწერა ინვესტიციის შესახებ საბოლოო ხელშეკრულებას, რომელიც გზას უხსნის ევროპაში გაზის პირველი პარტიის მიწოდებას. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სამშაბათს ბაქოში გაფორმებული ხელშეკრულებები ითვალისწინებს საინვესტიციო გადაწყვეტილებებს შაჰ დენიზ-2-თან, ტრანს-ანატოლიის და ტრანს-ადრიატიკის მილსადენებთან დაკავშირებით - სულ მცირე 35 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტებს. ალიევის თქმით, ამ ხელშეკრულებებით „შეიცვლება ევროპის ენერგეტიკული რუკა“. პროექტის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია ბრიტანული კომპანია BP. ცერემონიას დაესწრო ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, უილიამ ჰეიგი, რომლის აზრითაც ხელშეკრულება „კარგი ამბავია აზერბაიჯანისთვის, ბრიტანეთისთვის და ევროპისთვის“. პროექტი ევროპას გაზის მიწოდების ახალი წყაროთი უზრუნველყოფს, რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით. შაჰ დენიზ-2 ბოლო ეტაპზე 20 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გაატარებს, რომლის ნაწილსაც საქართველო და თურქეთი შეისყიდიან.
XS
SM
MD
LG