Accessibility links

ირაკლი ღარიბაშვილმა ისტორიული მოვლენა უწოდა შაჰდენიზის პროექტის მეორე სტადიის დაწყებას


შაჰდენიზის პროექტის მეორე სტადიის დაწყებას მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა უწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ბაქოში გამართულ ცერემონიაზე გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი ქვეყანაა მისი მარაგით, რომელიც პასუხობს რეგიონისა და ევროკავშირის სახელმწიფოთა ენერგოუსფრთხოების საჭიროებებს, საქართველოს ადგილმდებარეობა კი ქვეყანას აქცევს სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო კვანძად, რომელიც უმოკლესი მარშრუტით უზრუნველყოფს კავშირს თურქეთს, ევროპასა და კასპიის რეგიონს შორის. „ბოლო მოვლენები და რეგიონში 20 წლის განმავლობაში შეძენილი გამოცდილება ცხადყოფს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აუცილებელი პირობების შექმნა ეფექტიანი თანამშრომლობის და სატრანსპორტო მარშრუტების, წყაროებისა და მიმწოდებლების დივერსიფიკაციისათვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შაჰდენიზის მსგავსი პროექტები სახელმწიფოებს მართლაც მოუტანს სტაბილურობას, ეკონომიკურ ზრდასა და კეთილდღეობას და ხელს შეუწყობს რეგიონული ბაზრის განვითარებას და ენერგოუსაფრთხოების დონის ამაღლებას. „ყველამ კარგად ვიცით, რამდენი გამოწვევა გველის მომავალში განსაკუთრებით შავი და კასპიის ზღვების რეგიონებში და ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად თანამიმდევრული და რაციონალური ნაბიჯების გადადგმა ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის ამოსავალი წერტილია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის ინფორმაციით, შაჰდენიზის პროექტის მეორე სტადიის დაწყებით, საქართველო მიღებს დამატებითი მოცულობის გაზს, 600-700 მილიონი დოლარის პირდაპირ ინვესტიციას, სამშენებლო სამუშაოებისას კი 2 ათასამდე მოქალაქე დასაქმდება.
XS
SM
MD
LG