Accessibility links

თბილისის მერი „აბსურდულს“ უწოდებს მისთვის წაყენებულ ბრალდებას


თბილისის მერი გიგი უგულავა „აბსურდულს“ უწოდებს მისთვის წარდგენილ ბრალდებას, რომლის თანახმადაც, მისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებულმა ჯგუფმა გაფლანგა საბიუჯეტო სახსრები 48 მილიონ ლარზე მეტის ოდენობით. ამ ბრალდების საფუძველზე, უგულავა დღეს პროკურატურაში დაკითხეს, რის შემდეგაც თბილისის მერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დამნაშავედ მისი ცნობა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება. „მთავრობას უჭირს, რადგან ივანიშვილმა არაადეკვატური და უსუსური კანდიდატი დატოვა და ახლა ფიქრობენ, როგორ შეასაღონ ეს კანდიდატი თბილისს“ - განაცხადა უგულავამ. მან მიმართა პროკურატურასთან შეკრებილ მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ თავის უდანაშაულობას სასამართლოში დაამტკიცებს. პროკურატურის განცხადებით, საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მერიის მიერ თბილისის რეაბილიტაციის მიზნით 2010 წელს დაფუძნებული „თბილისის განვითარების ფონდის“ თანხები გამოიყენებოდა ნაციონალური მოძრაობის დასაფინანსებლად. „თბილისის მერმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი უგულავამ, მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი თანხებით 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ნაციონალური მოძრაობის ხარჯების დასაფინანსებლად“ - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG