Accessibility links

logo-print

ხუთშაბათს განახლდება ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება


ხუთშაბათს განახლდება მოლაპარაკება ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის, რომლის თემა იქნება ბირთვულ საკითხებზე ჟენევაში გასულ თვეში მიღწეული ხელშეკრულების ამოქმედება. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეთრინ ეშტონის პრესმდივნის, ნაბილა მასრალის თქმით, ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკება პარასკევამდე გასტანს. მოლაპარაკებებზე ირანის მთავარი წარმომადგენლის მოადგილე, აბას არაქჩი კი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მოლაპარაკება შაბათს და კვირასაც გაგრძელდება. გასულ კვირაში ექსპერტები ვენაში შეიკრიბნენ ოთხდღიან შეხვედრაზე, თუმცა ირანის დელეგაციამ შეხვედრა დატოვა, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ათზე მეტი კომპანია დაამატა თავის შავ სიას, თეირანისთვის დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდების მიზეზით. ვაშინგტონის განცხადებით, ეს ზომა არ არღვევს 24 ნოემბრის შეთანხმებას, რომლითაც ირანმა თანხმობა განაცხადა ექვსი თვის განმავლობაში შეაჩეროს თავისი ბირთვული პროგრამის ნაწილები, გარკვეული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. დასავლეთი შიშობს, რომ ირანი ბირთვულ იარაღზე მუშაობს, თეირანი ამ ბრალდებას უარყოფს.
XS
SM
MD
LG