Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა ვეტოს დაადებს ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს


თეთრი სახლი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა ვეტოს დაადებს ნებისმიერ კანონს, რომელიც აშშ-ს მხრიდან ირანზე ახალი სანქციების დაწესებას შეეხება. განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ხუთშაბათს 26-მა სენატორმა (ანუ, სენატის ერთ მეოთხედზე მეტმა) წარმოადგინა კანონპროექტი ირანის მიმართ ახალი სანქციების დაწესების შესახებ. ინიციატივას მხარს უჭერს 13 რესპუბლიკელი და 13 დემოკრატი სენატორი. ისინი თვლიან, რომ ირანის წინააღმდეგ უნდა დაწესდეს ეკონომიკური სანქციები, რომლებიც ამოქმედდება, თუკი ირანი არ შეასრულებს ნოემბერში ჟენევაში მიღწეული შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას. აღნიშნული შეთანხმებით, ირანმა უნდა შეაჩეროს ბირთვული პროგრამის ნაწილი. თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ განაცხადა, რომ ამგვარი კანონის მიღება არ არის აუცილებელი და შესაძლოა, ზიანის მომტანიც იყოს - შეიძლება, ხელი შეუშალოს ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებებს. სენატის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წამოყენება დროში დაემთხვა ჟენევაში ირანისა და მსოფლიოს ექვსეულის ექსპერტთა მოლაპარაკებების განახლებას.
XS
SM
MD
LG