Accessibility links

თბილისის საქალაქო სასამართლომ განმარტა გიგი უგულავას მიმართ გამოტანილი 21 და 22 დეკემბრის განჩინებები


კვირას, შუადღისას თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლე ეკა არეშიძემ თბილისის მერ გიგი უგულავას მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე მთავარი პროკურატურის შუამდგომლობების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 21 და 22 დეკემბრის განჩინებებზე განმარტება გააკეთა. ეკა არეშიძის განცხადებით: „2013 წლის 21 დეკემბრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 50 ათასი ლარის ოდენობით. აღკვეთის ღონისძიების სახის კონკრეტული შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ბრალდებული არ არის ნასამართლევი, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ჰყავს ოჯახი, მჭიდროდ არის დაკავშირებული სამართალწარმოების ქვეყანასთან. ამასთანავე, გამოძიების პროცესში მას თავი არ აურიდებია სამართალდამცავ ორგანოში და სასამართლოში გამოცხადებისთვის. ხოლო, მის მიმართ წარდგენილი ბრალდების ხასიათიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ არ მოხდეს ბრალდებულზე სამსახურებრივად დამოკიდებულ მოწმეებზე ზემოქმედება და მისი მხრიდან მტკიცებულებების მოპოვებისთვის ხელის შეშლა, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ბრალდებულის მიმართ გირაოს გამოყენება. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2014 წლის 5 თებერვალს“. საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლემ კვირას გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა აგრეთვე სასამართლოს მეორე განჩინებაზე, რომელიც თბილისის მერის თანამდებობიდან გადაყენებას შეეხება: „ 2013 წლის 22 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა თბილისის მერის გიორგი (გიგი) უგულავას თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. სასამართლოს განჩინებით, დედაქალაქის მერი თანამდებობიდან გადაყენებულია სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის დასაბუთებული ვარაუდი იმის შესახებ, რომ წარდგენილი ბრალდება პირდაპირ უკავშირდება თბილისის მერის საქმიანობას. გიორგი უგულავას თანამდებობაზე დარჩენით ხელი შეეშლება გამოძიებას და საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას. სწორედ, გამოძიებისთვის ხელის შეშლის თავიდან აცილების მიზნით, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ბრალდებულის გადაყენება დაკავებული თანამდებობიდან“. ჟურნალისტის შეკითხვაზე - რატომ არ მიიღო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენისა და დაცვის მხარის მონაწილეობის გარეშე, სპიკერ-მოსამართლემ უპასუხა: „სასამართლო როდესაც იხილავს თანამდებობიდან გადაყენების საკითხს, უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი განიხილოს როგორც ზეპირი მოსმენით, ასევე ზეპირი მოსმენის გარეშე და ამ შემთხვევაში ეს იყო სასამართლოს გადაწყვეტილება. ანუ, უფლება ჰქონდა გაეკეთებინა არჩევანი და გააკეთა ასეთი სახის არჩევანი“.
XS
SM
MD
LG