Accessibility links

logo-print

საპარლამენტო უმცირესობა აყენებს ხუთ მოთხოვნას


როგორც პარტიის ოფისში გუშინ გამართული პოლიტსაბჭოს საგანგებო და გაფართოებული სხდომის დასრულების შემდეგ დავით ბაქრაძემ განაცხადა, საპარლამენტო უმცირესობა ხუთ მოთხოვნას აყენებს. მათი პირველი მოთხოვნაა, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებს გიგი უგულავას მიერ დაყენებულ საკითხს, რომელიც ამ დღეებში საქალაქო სასამართლოზე ზეწოლას ეხება. "ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს, ეს საკითხი გამოძიებულ იქნას და კონკრეტული ტექნიკური ფაქტები იყოს ამოღებული. ოპოზიციის მეორე მოთხოვნაა საგამოძიებო კომისიის შექმნა, რათა გამოძიებული იყოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადება, მისი უკანონოდ გატაცებისა და მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ. "ნაციონალურიი მოძრაობის" მესამე მოთხოვნაა, ადამიანის უფლებათა და იურიდიული კომიტეტების ერთობლივი სხდომის გამართვა, სადაც ეს საკითხები იქნება განხილული. მეოთხე მოთხოვნა არის პარლამენტში სახალხო დამცველის მისვლა. უმცირესობის განმარტებით, ომბუდსმენმა ციხეში მოინახულა მერაბიშვილი და მათი საუბრის შესახებ უჩა ნანუაშვილმა ინფორმაცია მიაწოდოს პარლამენტარებს. აგრეთვე, "ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს, პარლამენტში უმცირესობის ფორმატში დაგეგმილ შეხვედრაზე მივიდეს მთავარი პროკურორი. დავით ბაქრაძის თქმით, ისინი მოიწვევენ მთავარ პროკურორს, რადგან ძალიან ბევრი შეკითხვა დაგროვდა როგორც მერაბიშვილის, ასევე ბევრ სხვა თემასთან დაკავშირებით. ოპოზიციის აღნიშნული მოთხოვნები პოლიტსაბჭოს დაახლოებით სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
XS
SM
MD
LG