Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის მთავრობამ მუსლიმთა საძმო „ტერორისტულ“ ორგანიზაციად გამოაცხადა


ეგვიპტის სახელმწიფო მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, პრემიერ-მინისტრმა მუსლიმთა საძმო გამოაცხადა „ტერორისტულ“ ორგანიზაციად. ამის შესახებ განცხადებით გამოვიდა პრემიერ-მინისტრ ჰაზემ ბებლავის პრესმდივანი, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც კაიროდან ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მანსურაში პოლიციის სადგურის შენობის წინ მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. როგორც იუწყებიან, აფეთქებას შეეწირა სულ მცირე 14 ადამიანი, დაშავდა კიდევ 100-მდე პირი. აფეთქების შედეგად პოლიციის შენობა დაინგრა. თუმცა, მუსლიმთა საძმომ სამშაბათს გაავრცელა განცხადება, რომელშიც „უმკაცრესი ფორმით“ გმობს თავდასხმას. პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა თავდასხმის მოწყობაში ბრალი მუსლიმთა საძმოს დასდო. თავდასხმამდე ერთი დღით ადრე აბსარ ბეიტ ალ-მაყდისის სახელის მატარებელმა ჯგუფმა გაავრცელა განცხადება, რომ ეგვიპტის უშიშროების ძალებს „ურწმუნოებად“ აღიქვამს, რადგან ისინი ემორჩილებიან ქვეყნის სეკულარულ, სამხედრო ძალებით მხარდაჭერილ მთავრობას.
XS
SM
MD
LG