Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

2014 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა, თუმცა იანვარში ცვლილებები შევა


ახალციხე
ახალციხე
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა. საკრებულოს რიგით მეთორმეტე სხდომაზე თავმჯდომარემ და დეპუტატებმა მთავარი ფინანსური დოკუმენტი კიდევ ერთხელ განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს, თუმცა აღნიშნეს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი იანვრის თვეში კიდევ გადაიხედება და შესწორდება. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტი 7 მილიონ 280 ათასი ლარს შეადგენს. კიდევ რა საკითხებზე იმსჯელეს ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში?

18 მომხრე და ერთი წინააღმდეგი – ხმათა უმრავლესობით, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2014 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ახალციხელების რჩეულთა გადაწყვეტილებით, ბიუჯეტი 7 მილიონ 280 ათას ლარს შეადგენს. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანო თვეზე მეტია განიხილავს, თუმცა თავმჯდომარესა და დეპუტატებს დღეს შენიშვნები მაინც ჰქონდათ. ოლეგ სანდროშვილის თქმით, ბიუჯეტის პროექტში მხოლოდ ის თანხები იყო გაწერილი, რაც უკვე დათვლილია. სამაგიეროდ, არ იყო ნახსენები ის შემოსავლები, რომელიც მუნიციპალიტეტს დამატებით სარგებელს მოუტანს. საკრებულოს თავმჯდომარემ დღესვე შესაბამის სამსახურებს მოსთხოვა, ახლად გახსნილი ქვესადგურის - „ახალციხის“ - ტერიტორია შეისწავლონ და გაარკვიონ, ეკუთვნის თუ არა ადგილობრივ ბიუჯეტს მისგან შემოსავალი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი ბუნდოვანია მაკა სუდაძისთვის. საკრებულოში არსებული ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ერთადერთი იყო, ვინც ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა. ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში უმცირესობის წევრი განმარტავს, რომ ფინანსური დოკუმენტის განხილვისას მას შენიშვნები ჰქონდა და მისი გამოსწორების პირობაც მიიღო, რაც არ შესრულდა.

დღესვე სოციალურ პაკეტთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე ხუთკაციანი დროებითი კომისია შეიქმნა, რომელიც იმ ადამიანების მდგომარეობას შეისწავლის, ვისაც ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები აქვს. მონიტორინგის შედეგს საკრებულოში განიხილავენ. ბიუჯეტის გარდა, დღეს ადგილობრივმა საკანონმდებლო ორგანომ დადგენილება „ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბის“ დაფუძნების თაობაზეც მიიღო, რომლის რეაბილიტაცია მომავალი წლიდან დაიწყება.

ოლეგ სანდროშვილი დაინტერესდა, რატომ ჭიანურდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროცესი, მაშინ როცა სამშენებლო სამუშოების ყველა ვადა ამოწურულია. საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით, საბავშო ბაღის პედაგოგებს კომპენსაციები მიეცემათ, რადგან რეაბილიტაციის დაუსრულებლობის გამო სამსახურში მუშაობას ვერ ახერხებენ. 26 დეპუტატიდან საკრებულოს სხდომას 19 მათგანი ესწრებოდა.
XS
SM
MD
LG