Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილმა გამართა წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია


2013 წელს ქართული ეკონომიკისთვის საეტაპო უწოდა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მან წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გარდამავალ პერიოდში მთავრობამ უზრუნველყო პოლიტიკური წნეხისგან ბიზნესის გათავისუფლება და შექმნა გარემო, სადაც კერძო საკუთრება დაცულია და მეწარმეს აქვს უფლება და შესაძლებლობა პრიორიტეტები თავად განსაზღვროს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებითვე, გარდამავალი პერიოდი განსაკუთრებით რთულია ბიზნესისთვის და შესაბამისად ეკონომიკისთვისაც, მით უმეტეს, როცა პროცესს თან ახლდა დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია. სწორედ გარემოებით ხსნის მინისტრი იმას, რომ წლის პირველი ნახევარი ეკონომიკისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. „თუმცა, წლის მეორე ნახევრიდან ბიზნესმა კარგად შეაფასა ქვეყანაში შექმნილი შესაძლებლობები და მესამე კვარტალიდან მნიშვნელოვანი გამოცოცხლება დაიწყო“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი ინფორმაციით, მესამე კვარტალში 24%-ითაა გაზრდილი საწარმოთა ბრუნვა და 9 თვის მონაცემებით, 30 მილიარდი ლარი შეადგინა. კვირიკაშვილის ცნობითვე, მესამე კვარტალში გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომლებიც 20%-ით აღემატება შარშანდელ ანალოგიურ მონაცემებს, საგარეო სავაჭრო ბრუნვის 11 თვის მაჩვენებლები კი 2012 წლის ანალოგიურ პერიოდს 4%-ით აღემატება. ეკონომიკის მინისტრი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანს უწოდებს იმას, რომ პროდუქციის ექსპორტი 20%-ით გაიზარდა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 9 თვის მონაცემებით შენელებულია მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, მე-4 კვარტალიდან ტემპი მოიმატებს და შარშანდელთან შედარებით ეკონომიკის ზრდა წელს დაახლოებით 2,5% იქნება. მინისტრის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურაში წარმოება პირველ ადგილს იკავებს, ყველაზე მზარდი სექტორი კი სოფლის მეურნეობაა.
XS
SM
MD
LG